Geeky Blog

ეშმაკისეული თოჯინა

2013 წლის 27 ივლისი

ლუსი ძალიან ლამაზი ბავშვი იყო, გრძელი, ქერა თმები და დიდი ცისფერი თვალები ჰქონდა. სხვებისგან ძალიან განსხვავდებოდა, თითქოს ამ ქვეყანას არც მიეკუთვნებოდა. იმ დღეს ათი წელი შეუსრულდა. დილით ლამაზ კაბაში გამოეწყო და დაბლა ჩავიდა, სადაც დედამისი სამზარეულოში ტრიალებდა და ნამცხვარს აცხობდა.
— ლუსი, დილით შენთვის საჩუქარი მოვიდა, ვიღაცას შენი დაბადების დღე გაახსენდა — უთხრა დედამ და პატარა ამანათისკენ ანიშნა. გახარებულმა ლუსიმ სწრაფად შემოხსნა ქაღალდი და ყუთიდან თოჯინა ამოიღო. ეს იყო ყველაზე საშინელი და საძაგელი თოჯინა, რომელიც ოდესმე ენახა. ჭუჭყიანი და ამძვრალი სახის კანით, თავზე თმების ნასახიც აღარ შერჩენოდა. ყველაზე საშინელი კი კბილები იყო — გრძელი, წვეტიანი და მახვილი. ლუსის მისი თავიდან მოშორება უნდოდა, მაგრამ დედამ სასტიკი უარი განუცხადა და უთხრა, რომ ეს საჩუქარი იყო და მისი გადაგდება არ შეიძლებოდა. მაშინ ის კიბის ქვეშ მიაგდო და აღარც გახსენებია.
ღამით, როდესაც დასაძინებლად დაწვა, დაბლიდან უცნაური ხმაური შემოესმა, თითქოს ვიღაც ჩუმად ეძახდა. ცოტა ხანში სიტყვებიც გაარჩია: „ლუსი, მე უკვე პირველ კიბეზე ვარ“ ჩაესმა ხრინწიანი ხმა და შეშინებული საწოლში მოიბუზა.
მეორე დღეს დედას სთხოვა ეს თოჯინა თავიდან მოეშორებინათ, მაგრამ ისევ უარი მიიღო. საძაგელი თოჯინა იგივე ადგილზე იდო, სადაც დატოვა.
მეორე ღამეს საშინელი კოშმარები აწუხებდა, უცნობი კაცი დაესიზმრა, რომელიც დაჟინებით აკვირდებოდა.
„მანდ ცხოვრების უფლება არ გაქვს“ უთხრა კაცმა და თვალები ცეცხლისფრად აენთო. ოფლში გაწურულს გამოეღვიძა.
„ლუუუსი, მე უკვე მეოთხე კიბეზე ვარ“ გაიგონა დამცინავი ხმა და კიბეზე ხმაური მოესმა. რა თქმა უნდა, ეს ამბავი არავინ დაუჯერა. სკოლაში დასცინეს, დედა კი ეჩხუბა, ასეთ ისტორიებს ნუ იგონებო და ამაზე ლაპარაკი აუკრძალა. იმ ღამით ლუსიმ გადაწყვიტა საძინებლის კარები დაეკეტა, დედას სთხოვა, რომ ღამით მასთან შუქი ანთებული დაეტოვებინა, მაგრამ ამ უკანასკნელმა განუცხადა, რომ სინათლე შეაწუხებდა და ჩაუქრო. როცა დედა დაწვა, ფანჯარასთან მივიდა, რომ ფარდები გადაეწია და სინათლე შემოეშვა ოთახში. სწორედ ამ დროს გაიგონა ნაცნობი ხმა: „ლუსი, მე უკვე ბოლო კიბეზე ვარ“ ლუსი მობრუნდა და დაინახა, როგორ გაიღო საძინებლის კარი ძალიან, ძალიან ნელა… მეორე დღეს მისი გვამი კიბეებთან იპოვეს, თოჯინაც მის გვერდით ეგდო. ეს ყველაფერი უბედურ შემთხვევას მიაწერეს.
— ეს თოჯინა ძალიან უყვარდა — თქვა დედამ — ახლა მათ შეუძლიათ, სამუდამოდ ერთად იყვნენ.

ავტორი უცნობია

FacebookTwitterGoogle+Odnoklassniki

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები გამოქვეყნდება შემოწმების გავლის შემდეგ.

:ჭიქა: :ფრთა: :პერგამენტი: :ნიორი: :კუბო: :დიახ: :დაცინვა: :გული: :განაწყენებული: :არა: :ანხი: :| :skull: :p :like: :D :)

Captcha *