Geeky Blog

თავ-გოგრა

2013 წლის 11 ოქტომბერი

გოგრა

საერთოდ, ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს (თუ გადახედავთ ჩემს ჩანაწერებს ბლოგზე, ამაში დარწმუნდებით), მაგრამ ამჯერად გადავწყვიტე, შორიდან მომევლო… მირჩევნია, ვრცელი და საინტერესო ინფორმაცია დავწერო, ვიდრე საკუთარი აზრებით გავავსო ბლოგი, როგორც დღიური (დღიურსაც აღარ გავკარებივარ დიდი ხანია), მაგრამ ეს ბლოგი ოდნავ პერსონალურიცაა, ამიტომ თავს უფლებას მივცემ და ჩემი თვალით დანახულ ჰელოუინზე ვისაუბრებ.

ჰელოუინი ახლოვდება და ბუნებრივია, საჭიროდ ჩავთვალე, ამ თემას შევხებოდი.
საქართველოში ეს დღესასწაული ძალიან ნელა იკიდებს ფეხს, შედარება რომ გავაკეთო, როგორ ტარდება ჰელოუინი საქართველოში და სხვა ქვეყნებში, ძალიან გრძელი და შემაძრწუნებელი ჩანაწერი გამომივა, ამიტომ უბრალოდ, ერთ საჰელოუინო წვეულებას გავიხსენებ, რომელსაც დავესწარი თუ სწორად მახსოვს (ოჰ, ეს სკლეროზი!) 2011 წელს.

ეს იყო გოთური საჰელოუინო წვეულება, რომელიც ერთ-ერთ კლუბში ჩატარდა (ზუსტად სად, არ დავკონკრეტდები). შიგნით მოხვედრა თუ გსურდათ, მაქსიმუმ საჰელოუინო კოსტუმში და მინიმუმ გოთურ სამოსში მაინც უნდა ყოფილიყავით გამოწყობილი. ჩემი აზრით, ეს კარგი იდეა იყო, ვინაიდან საქართველო საჰელოუინო კოსტუმების ფართო არჩევნით არ გამოირჩევა და ცოტამ თუ მოახერხა კარგი კოსტიუმის შოვნა. უმრავლესობას რაც უცნაური მოხვედროდა ხელში, სულ ზედ აესხა: მაგალითად ერთ ყმაწვილს ფართხუნა თეთრი სამოსისთვის შეუფერებელი, ვამპირის ეშვები დაემაგრებინა და ისე უხაროდა, რომ მთელი საღამო პირდაფჩენილი დასეირნობდა, რათა ყველას დაენახა მისი ღოჯები. :დაცინვა: თუმცა, მე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცუდად გამოწყობილი ვიყავი კლუბში: შთამბეჭდავი ვერაფერი ვიშოვე და ყოველდღიური გოთური სამოსით მომიხდა წასვლა… ხალხი საკმაოდ ბევრი იყო, დასაჯდომი ვერ ვნახე, რამაც ჩემი მდუმარე აღშფოთება გამოიწვია. ფანჯრები ქაღალდისგან გამოჭრილი, ლამაზი აბლაბუდებით მოერთოთ, ერთადერთ პაწაწინა გოგრას ბოროტ სახეს სანთელი უნათებდა. ვიღაცას ბუშტებიც დაემაგრებინა, რომელთა ტკაცუნიც ზოგს გულს უხეთქავდა, მე კი ნერვებს მიშლიდა. სადაც გავიხედავდი, ყველგან აგზნებული წყვილები იდგნენ (რამ აამარტისკატათ იმ შუა შემოდგომაზე, ვერ გავიგე) და ისე უზნეოდ იქცეოდნენ, თითქოს ჰელოუინი კი არა, ვალენტინობა იყო. ცოტაც და ღებინების შეგრძნება და მოწყენილობა მომკლავდა. კლუბიდან წვეულების დამთავრებამდე გამოვვარდი და შინ დავბრუნდი.
ეს დიდად გაპიარებული წვეულება ნამდვილი საცოდაობა გამოდგა, სხვათაშორის, მხოლოდ მე არ დამრჩენია ამგვარი შთაბეჭდილება. თუმცა რაღაც დადებითი მაინც აღმოვაჩინე იმ წვეულებაში: გამახარა იმ ფაქტმა, რომ ხატების მაღაზიის წინ ჩავლილ, დემონების ფორმაში გამოწყობილ ახალგაზრდებს არავინ გაჰკიდებია ლანძღვითა და ცემა-ტყეპით.

მომავალ წელსაც გავიარე იმ ადგილის მახლობლად. ამჯერად ოდნავ უფრო მეტი შენობა მოერთოთ საჰელოუინოდ, მართალია მოკრძალებულად, მაგრამ მაინც.
შესაფერისი სამოსი არც 2012 წელს მქონდა, თუმცა არც რომელიმე ღონისძიება მომწონებია: ზედმეტად ბებერი ვიყავი იმისთვის, რომ სულელურ ნიღბებში და ზეწრებში გამოწყობილ ბავშვებთან ერთად მეკუნტრუშა, არც LGBT საზოგადოების წევრი ვიყავი, რომ მათ ღონისძიებას დავსწრებოდი (თუმცა სოციალურ ქსელში ამ ღონისძიების შესახებ დაწერილ მცირე ინფორმაციას თუ დავუჯერებ, მხიარულად გაატარებდნენ დროს).

წელს amazon.comზე ვათვალიერებდი საჰელოუინო კოსტუმებს, თუმცა საჩემოდ არცერთი არ მომეწონა, ზოგი ძვირია, ზოგი უშნო, ზოგიც ისეთი თხელი, რომ ასეთ ამინდში მის ჩამცმელს გაცივება არ ასცდება. ამასთანავე, დარწმუნებული ვარ, საქართველოში კიდევ დიდხანს ვერ გამართავენ ღირსეულ საჰელოუინო წვეულებას (ანუ არავინ დამაფინანსებს, თორემ მე თვითონ ვითავებდი ამ საქმეს, ისე, რომ ევროპაშიც შეშურდებოდათ).
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გადავწყვიტე წელსაც სახლში, მოკრძალებულად ავღნიშნო ეს საუცხოო ღამე. წინა წელს, ჩემი მცდელობა, გოგრა გამომეშიგნა, სრული კრახით დასრულდა: საბრალო გოგრა ისე დავასახიჩრე, ყველაზე ფსიქიკაშერყეულ და სადისტ მკვლელსაც შეშურდებოდა. იმედია, წელს მაინც ვიყოჩაღებ.

და აი, მთავარს მივუახლოვდით:

თავს ხშირად ეძახიან გოგრას, ამ ვიდეოში ნანახი გოგრა კი ჩვეულებრივ გოგრებზე მეტად მოგაგონებთ თავს…
ეს კაცი ნამდვილი ხელოვანია! შევეცდები წლევანდელ ჰელოუინზე მას მივბაძო… კარგი იქნება, თუ სხვებიც მიბაძავენ და ხელოვნებას მიუძღვნიან თავს. :)

FacebookTwitterGoogle+Odnoklassniki

2 კომენტარი ჩანაწერზე „თავ-გოგრა“

    • ლაშა ამბობს:

      დავიწყოთ იქიდან, რომ მომეწონა პოსტი.
      ჰელოუინს რაც შეეხება მე არასოდეს ამიღნიშნავს გრანდიოზულად, თუმცა ძალიან მაინტერესებს როგორია ჰელოუინი ამერიკაში, ნუ ფილმებში კი მაქვს ნანახი, მაგრამ მე რეალურად მინდა ვნახო :D
      ჰოდა რაც შეეხება იმას რომ შენ ითავებ ამ საქმეს :D
      თუ სიცოცხლე და ლამაზი სხეული მოგბეზრდა მიდი <3
      არ გახსოვს ფანატმა ორთჰოდოქსებმა რა ქნეს ერთ ერთ ჰელუინზე? თან ახლა შეგულიანებულები არიან აქაოდა თეოკრატიააო <3

    • Vampire ამბობს:

      მათთან ერთად უფრო სახალისო იქნება ზეიმი, რაა ჰელოუინი ავი სულების გარეშე. :D

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები გამოქვეყნდება შემოწმების გავლის შემდეგ.

:ჭიქა: :ფრთა: :პერგამენტი: :ნიორი: :კუბო: :დიახ: :დაცინვა: :გული: :განაწყენებული: :არა: :ანხი: :| :skull: :p :like: :D :)

Captcha *