Geeky Blog

ლექსები

2013 წლის 26 ივლისი

უსაშველო ტანჯვა

ცხოვრება ჩემი ჩამოჰგავს საკანს,
გულისცემა მღლის, ჩასუნთქვა მტანჯავს.
ველი მოსჯილი ჟამის გარდასვლას,
ზოგჯერ ციხიდან ვლამობ გაპარვას.

ათრთოლებულ ხელს ვახებ ბასრ ხანჯალს,
ხანაც გვერდზე ვდებ მსახვრელ საწამლავს.
უიმედობა დღითიდღე მშთანთქავს,
მაგრამ ვერ ვბედავ წერტილის დასმას.

ჩემი სისუსტე მპირდება დახსნას,
ვგრძნობ რომ სულ უფრო მელევა ძალა.
ქვიშის საათი ფსკერს მატებს მარცვალს,
ადრე თუ გვიან საკნიდან გავალ.

გაყინულ ტანზე შემოვიცვამ რძისფერ სუდარას,
თვალდახუჭული უსასრულო თვლემაში წავალ.
ყორანთა გუნდი დააჩხავლებს ლეშს იავნანას
და მესაფლავე ამოუვსებს კუჭს მშიერ საფლავს.

ცრემლად არავინ დაიღვრება ჩემს ცივ ცხედართან
და არც ყვავილებს დამაყრიან, თუნდაც სულ გამხმარს.
ჩემს ყველასაგან მივიწყებულ, მარტოსულ საფლავს,
ხმელი ბალახი და შამბნარი ნელ–ნელა შთანთქავს.

ალბათ ფრთათეთრი ანგელოზი ზურგს მაქცევს მწყრალად,
იქნებ უარმყოს, მიმატოვოს თავად ეშმაკმაც…
მაშ ჩემი სული უგზო–უკვლოდ დაიწყებს წანწალს
და ხელს ჩაჰკიდებს მარტოობას — ერთგულ თანამგზავრს.

აჩრდილი

არ ვეგებები სიხარულით ყოველ განთიადს,
ის ჟამი მხიბლავს, ლამპიონი როცა ანთია.
როდესაც ბნელა, ცაც ჩემსავით ნაღვლიანია,
წყვდიადი მე მგავს, ჩემი სულის მსგავსად შავია.

სხვებს არა ვგავარ და ამიტომ ყველამ გამრიყა,
მარტოდმარტო ვარ, სულ არავინ არ მაბადია.
ჩემზე ამბობენ, რომ ბოროტი და კაპასი ვარ,
რა ვქნა ცხოვრებამ თუ ასეთად გადამაქცია.

ყოველი წამი უაზროა, წარმავალია.
მხოლოდ ოცნება მასულდგმულებს და ფანტაზია.
მძულს რეალობა — ჯამბაზების კარნავალია!
პატარა კაცთა განდიდების უშნო მანია…

ვინ შევიბრალო, როცა თავად ყველამ გამწირა,
გესლში ჩახრჩობილს მხოლოდ სხვების ჩათრევა მინდა.
სიძულვილს გულში ჩასახლებულს არასდროს სძინავს,
თავს ვეღარ ვაღწევ სევდიანი ფიქრების ჭიდან.

მე არც ცოცხალი და არც მკვდარი ვარ,
ვიქეც კვამლისებრ შავბნელ აჩრდილად.
მოგონილსა და ნამდვილს შორის საზღვრად გავდივარ,
კაეშნის ჭიდან ამოსული უკან ჩავდივარ…

ოცნება

წავშლი ცხოვრების ფერგარდასულ, გაცრეცილ ხედებს,
წარსულის მტვრიან მოგონებებს შემოვდებ სხვენზე.
გავერიდები რეალობის ჩახლართულ ეკლებს,
ოცნების ველზე გავაქროლებ კუპრისფერ მერნებს.

უცხო მხარეში, სადაც ნისლი არტყია ხეებს,
თავს შევაფარებ გოთიკური სასახლის კედლებს.
სადაც შავ–თეთრი ჩაანაცვლებს კაშკაშა ფერებს,
და მდუმარება შეერევა მწუხარე ბგერებს.

ჯადოსნურ ტყეში ვეცეკვები მშვენიერ ელფებს,
შებინდებისას სასახლეში მოვიხმობ ერთ–ერთს,
თოვლისფერ თმაში შევუცურებ მთრთოლვარე ხელებს,
თავდავიწყებით მივეცემი ბობოქარ ვნებებს.

მზის სისხლისფერი დაკრძალვისას ავდგები ზეზე,
გრილი ნიავი შემეხება ყორნისფერ თმებზე.
ღამის წყვდიადში ვიწანწალებ წვიმიან გზებზე,
შავი ღრუბლები მაპკურებენ ალისფერ ცრემლებს.

ჯოჯოხეთურმა სინამდვილემ დამბუგა ცეცხლზე,
ვითარც ფენიქსი, აღმოვცენდი საკუთარ ფერფლზე.
კვლავ რეალობა დაგეშილი ძაღლივით მეძებს,
ისევ ტკივილი მარწუხისებრს მაგებებს ხელებს…

კვდომა

ბნელში ჩაეფლო ქალაქი ღამით,
ვერცხლისფერ ნათელს შევცქერი მთვარის,
დგება სიჩუმის და კვდომის ჟამი,
მინდა გაჩერდეს ასეთ დროს წამი.

სუდარაში გვხვევს სიცივე ზამთრის,
სიკვდილის სუნთქვა ფანტელებს გვაყრის.
ქათქათა თოვლში ეხვევიან ხეები შავი,
ემსგავსებიან დიად შედევრს ბოროტი მხატვრის.

კვამლისფერ ნისლში გაირინდა სახლების ჯარი,
ყინულის ეშვებს ავად აფჩენს ბნელი დარაბი.
დაგრეხილ ტოტზე მედიდურად დაჯდა ყორანი,
ქარბუქის ღმუილს ხმას აყოლებს მრისხანე ჩხავილს.

თითქოს ბუხრებში გაიყინა მხუთავი კვამლი,
პლანეტა სუსხში ჩაიძირა, ვით ცივი გვამი.
ირგვლივ ყველა და ყველაფერი გახდა თეთრ–შავი,
გლოვის ზარივით საწყლად ისმის ყმუილი ძაღლის.

თოვლის საფლავში ჩაიმარხა ცივი ქალაქი,
მკვდრული სიჩუმე გაიწელა, ვით აკლდამაში.
თეთრმა სიკვდილმა გაიმარჯვა, არის შამათი,
დაე, გამეფდეს მდუმარება, აწ და მარადის!

ავტორი: თ. მ.

FacebookTwitterGoogle+Odnoklassniki

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები გამოქვეყნდება შემოწმების გავლის შემდეგ.

:ჭიქა: :ფრთა: :პერგამენტი: :ნიორი: :კუბო: :დიახ: :დაცინვა: :გული: :განაწყენებული: :არა: :ანხი: :| :skull: :p :like: :D :)

Captcha *