Geeky Blog

სასაფლაო

2014 წლის 5 მაისი

ეს ისაა, რის შესახებაც შემიძლია გაუჩერებლად ვილაპარაკო, მიუხედავად ჩემი სიტყვაძუნწობისა.
როგორც მახსოვს, სანამ უკეთ გავეცნობოდი გოთურ სუბკულტურას, სასაფლაოებისადმი არავითარი ინტერესი არ მქონდა… მიზეზი მარტივია: სასაფლაოში ძირითადად ორი რამ მომწონს — სილამაზე და სიმყუდროვე. შორეულ ბავშვობაში კი, მეზობლის დაკრძალვაზე, ვერც ერთი ვერ ვპოვე: 1. არ მომწონს დაკრძალვა, რადგან ბევრი ხალხია, ხალხის უმრავლესობა კი — აუტანელი (ნუ, ფანჯრიდან თვალის გაყოლებას და კუბოს შეფასებას კიდევ რა უჭირს). ჩემთვის სიმყუდროვე წარმოუდგენელია, როდესაც ირგვლივ მთელი ბრბო ტრიალებს და ხშირ შემთხვევაში ფუტკრების გუნდივით ზუზუნებს…
2. საქართველოში მდებარე სასაფლაოები აშკარად არ გამოირჩევა სილამაზით (ყოველ შემთხვევაში, მე რაც ვნახე ყველა უსახური, უწესრიგო, მოუვლელი, გადამწვარი, ბირკავებით, კალიებით და ათასი უბედურებით სავსეა)…
ერთი სიტყვით, მოხიბლული არ დავრჩენილვარ, დიდი ხნის მანძილზე არ მიჩნდებოდა ინტერესი და არც დავდიოდი…
მოგვიანებით, გოთური სურათების თვალიერებისას ბევრჯერ მოვკარი თვალი ულამაზეს სასაფლაოებს, რამაც ინტერესი გამიღვივა (სილამაზე ჩემი სისუსტეა)… image
არ ვიცი, რატომ არ ზრუნავენ საქართველოში საფლავების ვიზუალურ მხარეზე (და ბევრ სხვა რამეზე)… შესაძლოა იმის გამო, რომ ღარიბი ქვეყანაა… ამასწინად ჩავიარე ადგილთან, სადაც პატარა ქვის ჯვრები იყიდებოდა საფლავებისთვის (აბა სხვა რისთვის იქნებოდა) და გავოგნდი, როდესაც წარწერას შევხედე მომცრო ზომის ჯვრის ქვეშ — „50 ლარი“. ამ საქმეში ჩახედული არ ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ კნუტისოდენა, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ქვის ფიგურა უფრო იაფი უნდა ღირდეს…
თუმცა მეეჭვება, ეს გაჭირვების ბრალი იყოს: თუ იმდენი ფული არ აქვთ, რომ უკანასკნელი განსასვენებელი ლამაზად მოუწყონ ახლობელს, ამხელა სუფრას როგორ აწყობენ? ისე, მგონი ამაზრზენი ტრადიციაა, როგორღაც სვავური… ერთი კვდება — ასი მუცელს ივსებს… ბოლოს და ბოლოს, იმასაც ფული ხომ არ სჭირდება, რომ სასაფლაოზე ნაგავი არ დაყარო და ბალახი არ გადაწვა?!
ამ ყველაფერზე რომ ვფიქრობ, არავითარი სურვილი არ მიჩნდება, საქართველოში დავიმარხო — ამ მხრივ ყველაზე კარგი მდგომარეობა ირლანდიაშია, შემდეგ გამოვყოფდი საფრანგეთს (თუმცა საფრანგეთში საფლავებს შავ დღეს აყრიან),
Victor Noir
ინგლისს და ავსტრალიას…
კიდევ არ მომწონს მარმარილო (არამხოლოდ სასაფლაოებზე, საერთოდ) — ცხადია არა იმიტომ, რომ ვიზუალურადაა ცუდი, არამედ იმის გამო, რომ ფეხი ცურს, განსაკუთრებით წვიმასა და ყინვაში, ამის გამო ლამის გულმდუღარე ჭირისუფალივით დავაკვდი ვიღაცის საფლავს. :D
ჯერჯერობით მგონი სულ ესაა, რაც მაწუხებს საქართველოში მდებარე სასაფლაოებთან დაკავშირებით…
რაც შეეხება დადებით მხარეებს… შესანიშნავი გარემოა: ბუნება, სუფთა ჰაერი, ჩიტების მშვიდი ჭიკჭიკი… ისეთი, თითქოს ისინიც მყუდროებით ტკბებიან, ჩვეულებრივი საქმიანი ჭყივილის ნაცვლად… ცხადია სადაც ყველა მკვდარია, სიმყუდროვეს ვერავინ დაგირღვევს… სასაფლაო, ეს ის ადგილია, სადაც არავინ შეგაწუხებს, სადაც შეგიძლია განმარტოვდე საკუთარ თავთან… მგონი ერთადერთი ადგილია, სადაც თავს ცოცხლად ვგრძნობ, სადაც არ იგრძნობა მჩქეფარე ცხოვრების დამღლელი რიტმი… ყველაფერს აქვს უარყოფითი და დადებითი თვისებები, რაზე საუბარიც შორს წაგვიყვანს… ზოგჯერ ძალიან რთულია გაარჩიო კარგი და ცუდი, იქნებ იმიტომ, რომ არ არსებობს მთლიანად „თეთრი“ ან „შავი“ – ყველაფერი ნაცრისფერია… და მაინც, ამ ადგილში მე უფრო მეტ ღირსებას ვხედავ, ვიდრე ნაკლს, სიამოვნებით ვიცხოვრებდი სახლში, რომლის ფანჯრიდანაც სასაფლაო მოჩანს…
imageქვის ანგელოზისასაფლაო
ჩემთვის გაუგებარია, რატომ აშინებს ზოგიერთ ადამიანს სასაფლაო, თუმცა არის რაღაც შიშისმომგვრელი არახალხმრავალ ადგილებში, მით უმეტეს, თუ მაღალი ბალახებიდან სისინი ისმის და ასე შემდეგ :D მაგრამ მე ამაზე არ მაქვს საუბარი, მიჭირს ავხსნა, ალბათ იმიტომ, რომ სანახევროდ მძინავს :D აქ გარეულია შეუცნობელი შიში სიკვდილისა… ცხადია სასაფლაო პირდაპირ ასოცირდება სიკვდილთან, თუმცა ჩემი აზრით სისულელეა ამ უწყინარი ადგილის შიში, ბოლოს მაინც იქ მოვხვდებით უმეტესობა, სიკვდილზე ფიქრს შესაძლოა გაექცეთ, მაგრამ სიკვდილს ვერავინ გაექცევა, ასე რომ სჯობს წინასწარ დაგეგმოთ, თუ როგორი უნდა იყოს თქვენი უკანასკნელი ადგილი…

FacebookTwitterGoogle+Odnoklassniki

3 კომენტარი ჩანაწერზე „სასაფლაო“

    • ლაშა ამბობს:

      მეც ძაან მიყვარს სასაფლაოზე სეირნბა, მაგრამ გოთი არ ვარ, უბრალოდ ლამაზი ადგილია და თან ტვინსაც არავინ გიბურღავს იქ ^_^

    • Mortiis ამბობს:

      ადმინი ვინაა,ფეისბუკზე მინდა დავიმატო :ანხი: :ანხი: :კუბო: :ჭიქა: :skull:

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები გამოქვეყნდება შემოწმების გავლის შემდეგ.

:ჭიქა: :ფრთა: :პერგამენტი: :ნიორი: :კუბო: :დიახ: :დაცინვა: :გული: :განაწყენებული: :არა: :ანხი: :| :skull: :p :like: :D :)

Captcha *