Geeky Blog

სიკვდილის სურნელი

2013 წლის 24 ივნისი

საავადმყოფოს პალატაში ზამთრის სუსტი მზის სხივებმა შემოანათა. პალატაში სამი საწოლი იდგა, რომელთაგანაც ორი ცარიელი იყო, ერთზე კი ახალგაზრდა მამაკაცი იწვა. მას გრძელი, სწორი, წაბლისფერი თმა და ცისფერი თვალები ჰქონდა. სახეზე მიცვალებულის ფერი დაჰკრავდა. გულაღმა იწვა და უსიცოცხლო გამომეტყველებით უმზერდა ჭერს. შეიძლებოდა, ერთი შეხედვით გარდაცვლილიც კი გგონებოდათ.
პალატის კარი გაიღო. პალატაში ორი ექთანი შემოვიდა, რომლებსაც ავადმყოფი მოჰყავდათ — ხნიერი, შავგვრემანი მამაკაცი, რომელსაც მოკლე, ხუჭუჭი თმა კეფაზე შესამჩნევად შეთხელებოდა. კაცს ცალი ფეხი და მკლავი თაბაშირში ჰქონდა ჩასმული. ექთნები მას მიეხმარნენ, რომ ერთ–ერთ ცარიელ საწოლზე დაწოლილიყო და პალატიდან გავიდნენ. სიჩუმე ჩამოწვა. ახალგაზრდა კაცი კვლავ უმეტყველო მზერით შესცქეროდა ჭერს.
თმაშეთხელებული მამაკაცი ერთხანს მოწყენილი მზერით ათვალიერებდა ოთახს, შემდეგ ჩაახველა, ღრმად ჩაისუნთქა და წამოიწყო:
— დიდიხანია, რაც აქ ხართ, ყმაწვილო?
— არც ისე; გუშინ საღამოს მომიყვანეს, — უხალისოდ გაეპასუხა ახალგაზრდა. აშკარად არ იყო საუბრის ხასიათზე, მხოლოდ ზრდილობის გამო აჰყვა მოსაუბრეს.
— როგორ მოგმართოთ?
— ალექსი მქვია.
— მე — ვიქტორი. რა გაწუხებთ, ალექს?
— ფეხი მაქვს მოტეხილი, — ახალგაზრდამ შეხვეულ ფეხზე მიუთითა. სახეზე აღშფოთება დაეტყო — ნუთუ თავისთავად ცხადი არ იყო, რა აწუხებდა მას?!
— რა შეგემთხვათ? — არ ცხრებოდა ცნობისმოყვარე მამაკაცი, რომელსაც ოთახის თვალიერება მოსწყინდა და ახალი გასართობი იპოვა მოპირდაპირე საწოლზე მოთავსებული ავადმყოფის დაკითხვის სახით.
— შეიძლება ითქვას, რომ უბედური შემთხვევა მოხდა… თქვენ რა შეგემთხვათ? — სუსტი ხმით ჰკითხა ალექსმა. საერთოდ არ აინტერესებდა, რა შეემთხვა ამ აბეზარ კაცს, თუმცა, მეტისმეტად თავაზიანი იყო იმისთვის, რომ უხეშად მოეშორებინა საუბრის საღერღელაშლილი ხნიერი მამაკაცი, რომელიც ორჯერ უფროსი მაინც იქნებოდა მასზე. უნდა შეჰგუებოდა, რომ მოსაწყენი საუბარი დიდხანს გასტანდა და ეცადა, დადებითი მხრიდან შეეხედა ამ ფაქტისთვის, საუბარში აჰყოლოდა და თავადაც გადაეყოლებინა გული.
— ნათურას ვცვლიდი და სკამიდან გადმოვვარდი. მაინც, რა შეგემთხვათ? რას ნიშნავს „შეიძლება ითქვას, უბედური შემთხვევა მოხდა?“ — ჩაეკითხა ვიქტორი.
ალექსმა წაუყრუა, თითქოს შეკითხვა ვერ გაიგო, მაგრამ ვიქტორი არ მოეშვა.
— მაინც რა მოხდა ასეთი, ასე რომ მალავთ?
— რა აზრი აქვს მოყოლას? მაინც არ დამიჯერებთ. ხანდახან თვითონაც არ მჯერა საკუთარი თავის, ასე მგონია, რომ გავგიჟდი.
— თუ ასეა, ესე იგი ვინმესთვის გულის გადაშლა და რჩევის მოსმენა გჭირდებათ! მიამბეთ, რა გადაგხდათ თავს?
— გრძელი ამბავია.
— მოკლედ მოყევით.
— მოკლედ რომ მოვყვე, ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი გამომრჩება.
— მაშ, გრძლად მოყევით, არსად გვეჩქარება.
— კეთილი. მაშ, სულ თავიდან დავიწყებ, რომ არაფერი გამომრჩეს. თანმიმდევრობით გიამბობთ ყველაფერს. არ მეწყინება, თუკი არ დამიჯერებთ ან გიჟად ჩამთვლით, რადგან თავადვე მიჭირს იმ ყველაფრის გაცნობიერება, რაც მოხდა.

შეძლებულ ოჯახში ვიზრდებოდი, გაჭირვება არასდროს მინახავს. კარგად ვსწავლობდი, შემდეგ ექიმი გავხდი, კერძოდ — სტომატოლოგი. ერთი სიტყვით, ბედს არ ვუჩიოდი. ერთხელაც მივხვდი, რომ ყველაფერმა დამღალა, გადავწყვიტე დედაქალაქის ხმაურიან ცენტრს გავცლოდი და რომელიმე მყუდრო გარეუბანში გადავსულიყავი საცხოვრებლად.
უძრავი ქონების აგენტს დავუკავშირდი, რომელმაც ბინების დასათვალიერებლად წამიყვანა. არცერთი ბინა არ მომწონდა, ყველას ჰქონდა რაღაც ნაკლი. ერთი სიტყვით, ჩემი გემოვნების ვერაფერი ვნახე და ძებნით დაღლილმა საკუთარ თავს შევფიცე, რომ პირველივე ბინას შევიძენდი, რომელსაც აგენტი მიჩვენებდა. ამის შემდეგ, პირველი, რაც მან მიჩვენა, ეს იყო ყოვლად უბადრუკი, თაგვის სოროსავით ვიწრო ბინა. ისეთი ბნელი, თითქოს მზის სხივებს არასდროს შეეღწიათ შიგნით. ოთახებში ისეთი უსახური და მორყეული ავეჯი იდგა, რომლის მსგავს სიმახინჯეს ნაგავსაყრელზეც ვერ მოძებნიდით. სახლში ყველაფერი დაზიანებული, ძველმოდური და ჭუჭყის სქელი ფენით დაფარული იყო, ჩანდა, დიდიხანია აღარავინ ცხოვრობდა იქ.
ბინის მფლობელი ერთი პუტკუნა ქალბატონი აღმოჩნდა, რომელსაც ეტყობოდა, ძალიან უნდოდა ამ ბინის გაყიდვა. სიხარულით ცას ეწია, მითხრა, რომ საკმაოდ შორს ცხოვრობდა, ეს ბინა ნათესავების დაღუპვის შემდეგ ხვდა წილად, რომ აქ გადმოსვლა არ სურდა და ბინის გაყიდვა გადაწყვიტა, თუმცა შეძენის მსურველი არა და არ ჩნდებოდა. გულუბრყვილო, ყბედი და ოდნავ მოსულელო ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე.
როდესაც ბინა ოფიციალურად გადმოვიდა ჩემს მფლობელობაში, გადავწყვიტე, რაც შეიძლება სწრაფად გამერემონტებინა ის. მუშებმა უსახური ავეჯი გაიტანეს, ოთახი დააცარიელეს და პარკეტის აყრა დაიწყეს. საქმიანად ფუსფუსებდნენ, მეც იქვე ვიდექი და თვალს ვადევნებდი. ერთმა მუშამ საქმიანობა შეწყვიტა. მივუახლოვდი და შევნიშნე, რომ ხელში რაღაც უბის წიგნაკის მსგავსი ნივთი ეჭირა.
— ეს რა არის? — ვკითხე მე.
— არ ვიცი, პარკეტის ქვეშ იყო, — მუშამ მხრები აიჩეჩა და წიგნაკი გამომიწოდა.
მუშებისთვის თვალ–ყურის დევნება უკვე მობეზრებული მქონდა, მითითებები მივეცი, რა როგორ უნდა გაეკეთებინათ, ბინიდან გამოვედი და კორპუსის წინ, ხის გრძელ სკამზე ჩამოვჯექი, რომ ახლახანს ნაპოვნი ნივთი დამეთვალიერებინა და ამით გამერთო თავი. სწორედ ამ დროს, მოხუცი ქალი მომიჯდა გვერდით.
— გამარჯობა! შენ ალბათ, ახალი მეზობელი ხარ, არა? რა გქვია?
— ალექსი, — ვუპასუხე უხალისოდ. წიგნაკის დათვალიერების ინტერესი მკლავდა და ოდნავადაც არ მესიამოვნა ამ ენაჭარტალა ქალბატონის გამოჩენა.
— უცნაურია, აქ გადმოსვლა რომ გადაწყვიტე, ალექს. ამ ბინის შეძენა არავის სურდა, — იდუმალი ხმით მითხრა მოხუცმა, როგორც სჩვევიათ ხოლმე ჭორიკნებს განსაკუთრებით მსუყე ჭორის მოყოლისას.
— რატომ?
— ერთ–ერთი მიზეზი მისი უსახური იერსახეა, თუმცა მიმაჩნია, რომ მეორე მიზეზი გაცილებით უარესია. როგორც ჩანს, ამ სახლის ისტორია არავის მოუყოლია შენთვის — მოხუცმა თავი გადააქნია — აქ ერთი ალკოჰოლიკი კაცი და მისი ქალიშვილი ცხოვრობდნენ. გოგონას დედამ ისინი მიატოვა, როდესაც გოგონა სულ პატარა იყო და სხვა კაცს გაჰყვა ცოლად, მათი მონახულებაც კი არ სურდა. გოგონას მამა დარდისგან გალოთდა, გოგონა კი… როგორ ვთქვა, ბავშვობიდან უცნაური იყო, პირქუში და აგრესიული. ცხოველებს აწვალებდა, ხშირად ჰქონდა კონფლიქტი სხვა ბავშვებთან. ცოტა რომ წამოიზარდა, კიდევ უფრო გულჩათხრობილი გახდა, საკუთარ თავში ჩაიკეტა, სკოლა მიატოვა და სახლიდან თითქმის არ გამოდიოდა. თუკი ვინმე ესტუმრებოდათ, მეორე ოთახში იკეტებოდა ან აგრძნობინებდათ, რომ იქ ზედმეტნი იყვნენ. სახლი საშინლად მოუწესრიგებლად გამოიყურებოდა, მისი მაცხოვრებელნი ნამდვილი არანორმალურები იყვნენ, ერთი სიტყვით, საშინელი ოჯახი იყო. მამა–შვილი არავის უყვარდა, ყვავილების ბაღში ამოსული ეკლებივით იყვნენ სამეზობლოში. გოგონა ნამდვილად არ გამოირჩეოდა მეგობრებისა და თაყვანისმცემლების სიმრავლით. ერთ დღესაც, სახლის პატრონი, გოგონას მამა ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ამან ქალიშვილის ფსიქიკაზე ძლიერად იმოქმედა — თავის მოკვლა სცადა. მათმა ჩასუქებულმა ნათესავმა ქალმა იპოვა, ტანსაცმლიანი იწვა წყლით სავსე აბაზანაში, მაჯები ერთიანად დასერილი ჰქონდა. რა თქმა უნდა, სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ძლივს მოახერხეს მისი გადარჩენა. შემდეგ რამდენიმე ხანი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაჰყო. რომ გამოვიდა, ძველებურად საკუთარ თავში ჩაიკეტა, სახლიდან იშვიათად გამოდიოდა. დრო და დრო ჩასუქებული ნათესავი ქალი სტუმრობდა და რითაც შეეძლო, ეხმარებოდა. ერთ დღესაც სახლში მისულს იატაკზე გოგონას ცხედარი დახვდა. ამბობენ, რომ სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა იყო, თუმცა ხმები დადის, რომ გოგონას სიკვდილის წინა დღეებში სახლთან უცნობი მამაკაცი შენიშნეს.
გოგონას გარდაცვალების შემდეგ უცნაური უბედური შემთხვევების სერია დაიწყო. ახალგაზრდა ადამიანები ხშირად იღუპებიან, სიკვდილამდე კი უცნაური ხილვები ეწყებათ, თითქოს ვიღაც უთვალთვალებთ.

FacebookTwitterGoogle+Odnoklassniki

გვერდები: 1 2 3 4 5 6 7 8

3 კომენტარი ჩანაწერზე „სიკვდილის სურნელი“

    • კაენ ამბობს:

      მეორედ ვკიტხულობ :)

    • ვამპირი ამბობს:

      მე რამდენჯერმე გადავიკითხე და ისე ძალიან აღარ მომეწონა, როგორც ადრე… მაგრამ ჩემს მიერ დაწერილ მოთხრობებს შორის ეს საუკეთესოა… იმედია მოვიცლი კიდევ დასაწერად, ამ ბლოგის ხელში თავის მოსაფხანად აღარ მცხელა როგორც იტყვიან.

    • კაენ ამბობს:

      მე კი პირიქით, უფრო და უფრო მეტად მომწონს :P

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები გამოქვეყნდება შემოწმების გავლის შემდეგ.

:ჭიქა: :ფრთა: :პერგამენტი: :ნიორი: :კუბო: :დიახ: :დაცინვა: :გული: :განაწყენებული: :არა: :ანხი: :| :skull: :p :like: :D :)

Captcha *