Geeky Blog

სიკვდილის სურნელი

2013 წლის 24 ივნისი

— მიყვარს ძველი სახლები იდუმალებით მოცული ისტორიებით — ჩავიღიმე — მაპატიეთ, უნდა წავიდე.
მივხვდი, რომ ქალბატონს კიდევ დიდხანს ვერ მოვიშორებდი, ამიტომ წასვლა ვარჩიე. ჩემს მანქანაში ჩავჯექი, რომელიც კორპუსის შორიახლოს იდგა და მცირე მანძილი გავიარე. როცა დავრწმუნდი, რომ მოხუცის თვალი ვერ მომწვდებოდა, მანქანა გავაჩერე და წიგნაკის თვალიერება დავიწყე. წიგნაკი მომცრო ზომის, ფურცლებგაყვითლებული დღიური აღმოჩნდა. თავი ცოტა დამნაშავედ ვიგრძენი, რომ სხვის პირად ცხოვრებაში ქექვა და აზრების კითხვა დავიწყე, მაგრამ, ინტერესი მკლავდა… პირველ გვერდზე გადავშალე. ფურცლებს ჯერ კიდევ შერჩენოდათ ქალის სუნამოს მოტკბო სურნელი. დღიურის პატრონს ფურცლებზე ალაგ–ალაგ თავის ქალები და რაღაც საფრთხობელები მიეჩხაპნა. დღიურის ზედა ნაწილი ვირთხას დაეღრღნა, ამიტომ ჩანაწერების გაკეთების წელი არ ჩანდა. კითხვა დავიწყე:

1 იანვარი

„მამამ ისევ დალია და ახლა ღრმად სძინავს. კიდევ ერთი ჩვეულებრივი, უღიმღამო დღე გათენდა. არ მიკვირს — მილოცვებსა და საჩუქრებს არც ველოდი. როგორც ყოველთვის, მარტოსული, მოწყენილი და უბედური ვარ. ალერგია მაქვს ბედნიერად მომღიმარ ადამიანებზე, სახეგაბრწყინებულები რომ ულოცავენ ერთმანეთს ახალი წლის დადგომას და საჩუქრებს ჩუქნიან. არასდროს მესმოდა ბედნიერი ხალხის, ალბათ იმიტომ, რომ არასდროს მომცემია საშუალება, ბედნიერი ვყოფილიყავი. არ ვიცი, როგორი გრძნობაა ბედნიერება, მხოლოდ თუ მსმენია მის შესახებ. სიტყვა „ტანჯვა“ სავსებით აღწერს იმ გრძნობას, რასაც დაბადებიდან დღემდე განვიცდი.
თოვს. მიყვარს სარკმლიდან თეთრი თოვლის და შიშველი, შავი ხეების პეიზაჟის ცქერა. მხოლოდ ადამიანები ამახინჯებენ ამ სურათს, აქეთ–იქით დაძრწიან და თოვლზე ბინძურ ანაბეჭდებს ტოვებენ.“

პირველი იანვრის შემდეგ პირდაპირ 5 თებერვალი მოდიოდა, თუმცა დღიურს ფურცლები არ აკლდა, როგორც ჩანდა, დღიურის პატრონი ყოველდღე არ აკეთებდა ჩანაწერებს.

5 თებერვალი

„საღამოს ჯონს შევხვდი. საზიზღრობა იყო! მთელი საღამო ლუდს სვამდა პარკში და რჩევას მეკითხებოდა, როგორ მოეწონებინა თავი ჩემი მსუბუქი ყოფაქცევის მეზობლის, ირინასთვის. აბა, სხვა რა მიზეზით უნდა ეთხოვა ჩემთვის შეხვედრა სიმპათიურ ბიჭს?! მხოლოდ ნაცნობად თუ გამოვდგები, რომელიც მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როდესაც რაღაც სჭირდებათ მისგან და თუკი თავად მას დასჭირდება რამე, ყველა ივიწყებს. გასაკვირი არაა — მე ხომ ირინასავით ლამაზი არ ვარ! სასაცილო ისაა, რომ მახინჯ მარიასაც კი ჩემზე მეტად უმართლებს. მე ვერავინ ვერ მიტანს. არავის ვადარდებ. რომ მოვკვდე, არავის დასწყდება გული, პირიქით, გაერთობიან კიდეც, ანდა საერთოდ ვერ შეამჩნევენ, იმდენად უმნიშვნელო ვარ. ყოველთვის შეუმჩნეველი ვიყავი მათთვის, ვინც ჩემთვის სულერთი არ იყო. კაცმა რომ თქვას, არც მე მადარდებს ვინმე, ჩემი ნება რომ იყოს, ყველას საშინელი ტანჯვით ამოვხდიდი სულს.“

14 თებერვალი

„როგორ მძულს ეს დღე! კიდევ უფრო მიმძაფრდება გრძნობა, რომ არავის ვუყვარვარ. ყველა ბედნიერია ჩემს გარდა. გულისამრევია! წყეულიმც იყოს ეს დღე ყველა ბედნიერ ადამიანთან ერთად! თითო ბედნიერი ადამიანი თითო ეკალია ჩემს გულში, მათი არსებობა ტკივილს მაყენებს. რატომ უნდა იყოს სხვა ბედნიერი, მე კი უბედური?!“

ჩანაწერების უმრავლესობაში გოგონა აღწერდა, რა საშინლად ექცეოდა ყველა, როგორი უმადურები, უსამართლოები და გულქვები იყვნენ ადამიანები და როგორ უნდოდა, ყველა მასსავით დატანჯულიყო, ანდა ერთიანად ამომწყდარიყვნენ. ძალიან გულნატკენი ჩანდა, აშკარად არ ჰქონდა ტკბილი ცხოვრება. მის მიმართ სიბრალული ვიგრძენი, ასეთი ტანჯვა არასდროს გამომეცადა, ყოველთვის უზრუნველად ვცხოვრობდი, ფული, მშობლების სიყვარული, მეგობრები და თაყვანისმცემელი გოგონები არასდროს მაკლდა. დარწმუნებული ვარ, დღიური სწორედ იმ გოგონას ეკუთვნოდა, რომელზეც მოხუცმა ქალმა მიამბო — გოგონას, რომელმაც საშინელი ცხოვრება ნაადრევი, ბუნდოვანი სიკვდილით დაასრულა.
ფურცელი გადავშალე და კითხვა განვაგრძე.

10 მარტი

„ვერ ვიტან, როდესაც გარეთ მიწევს გასვლა — ისე მიყურებენ, თითქოს რომელიღაც იშვიათი სახეობის, გადაშენების პირას მყოფი ცხოველი ვიყო. ნეტავ, რატომ აძლევს ეს ხალხი თავს სხვისი დამცირების უფლებას? ამბობენ, ღვთის წინაშე ყველა თანასწორიაო და მაინც სხვებზე აღმატებულად მოაქვთ თავი. არავისი დანახვა არ მინდა. ამ წყეულ სახლში ყოფნაც მომწყინდა, აქ ყოფნა მკლავს! ნეტავ გავქრე! სიკვდილზე უკეთესი არაფერი არ მელის წინ.“

ათი მარტის ჩანაწერიდან შემდეგ ჩანაწერამდე ჩვეულებრივზე დიდი დრო იყო გასული, რისი მიზეზიც ჩანაწერში ჩანდა.

2 ივლისი

„საავადმყოფოდან გამომწერეს. არც კი მჯერა, რომ ისევ სახლში ვარ, ისევ ამ ტკბილ, წყეულ სახლში. მეგონა საავადმყოფოში გამომამწყვდევდნენ სამუდამოდ. ყოველთვის ყველა არანორმალურად მთვლიდა, ახლა კი უკვე ოფიციალურად ვატარებ შეშლილის სტატუსს. მშვენიერია! მოსალოცად მაქვს საქმე! კაცმა რომ თქვას, საერთოდ არ მადარდებს, რას იფიქრებენ ჩემზე — ყველა მეზიზღება! ნეტავ სიკვდილი ეცლიათ ჩემთვის, მაინც არავის ვჭირდები, მხოლოდ ზედმეტი ტვირთი ვარ — ამას დღეში ხუთჯერ მაინც მიმეორებს ეს გასივებული არარაობა.“

კითხვა შევწყვიტე. „გასივებულ არარაობაში“ ალბათ იმ ქალს გულისხმობდა, ვისგანაც ბინა შევიძინე. დაინტერესებულმა ისევ დღიურს ჩავხედე. თვალით ის ადგილი მოვძებნე, სადაც გავჩერდი და კითხვა განვაგრძე.

„ამას დღეში ხუთჯერ მაინც მიმეორებს ეს გასივებული არარაობა. მამაც ხშირად ამბობდა ასე, თუმცა ამისგან უფრო ცივად ჟღერს ეს სიტყვები. ისე მექცევა, თითქოს მართლა შეშლილი ვიყო. სასაცილოა! ჩემს ადგილას ნებისმიერი გაგიჟდებოდა. ზოგჯერ სიგიჟე ნორმალური რეაქციაა. ძნელია გაუძლო ასეთ ტანჯვას. ნაცრისფერი ბრბო შეშლილად თვლის ყველას, ვინც მათ არ ჰგავს. არავის არ ესმის ჩემი, ხანდახან თვითონაც არ მესმის საკუთარი თავის. არ ვიცი, შესაძლოა მართლაც გიჟი ვარ. ყველა შეშლილია რაღაც დოზით.
როგორ ვიცხოვრო მამას გარეშე? იმაზე უფრო მარტოსული ვარ, ვიდრე ოდესმე. ერთადერთი ადამიანი დავკარგე, ვისაც ჩემი ბედი ადარდებდა. გული მტკივა. ნეტავ, მე მოვმკვდარიყავი მის ნაცვლად.“

6 ივლისი

„მამაჩემის საფლავი მოვინახულე. ღამით გავედი გარეთ, ზედმეტი ყურადღების მიქცევა და მეზობლების დანახვა არ მინდოდა. სასაფლაომდე ტაქსით მივედი. საფლავის მიგნება ცოტა გამიჭირდა, მაგრამ, როგორღაც მაინც შევძელი. ვერ ავღწერ, რა გრძნობა დამეუფლა. სასაფლაოდან წამოსულმა შორიახლოს დავიწყე ხეტიალი, თვითონაც არ ვიცი, რატომ.
— გამარჯობა, — ხავერდოვანი ხმით მომმართა ვიღაცამ.
შევტრიალდი და მაღალი მამაკაცის ფიგურა დავლანდე. გაურკვეველია, მიწიდან ამოიზარდა თუ ციდან ჩამოვარდა — წამის წინ შორიახლოს არავინ ჩანდა.
— გამარჯობა, — დაბნეულმა ვუპასუხე.
მამაკაცი მომიახლოვდა. თვალები მთლიანად შავი ჰქონდა — ის ნაწილებიც კი, რომლებიც წესით თეთრი უნდა ყოფილიყო. ვიფიქრე, საბოლოოდ გადავცდი ჭკუიდან და ჰალუცინაციები დამეწყო, ანდა, ვიღაც მაგარლინზებიან ტიპს გადავეყარე მეთქი. პირველი ვარიანტი უფრო სარწმუნოდ ჟღერდა — მე ხომ ოფიციალურად მომანიჭეს გიჟის სტატუსი?! თანაც შეუძლებელია, ადამიანი ასეთი მშვენიერი ყოფილიყო — მაღალი, გამხდარი, უნაკლო ფიგურით და ელეგანტური შავი სამოსით. სწორი, შავი, აბრეშუმივით რბილი და მბზინავი თმა მხრებზე ეყარა. ფერმკრთალი კანი თითქოს სინათლეს გამოსცემდა. მისი კუპრივით შავი თვალები ისე მიმზერდნენ, როგორც კატა — კლანჭებში მოქცეულ თაგვს, რომლით თამაშიც განუზრახავს. საოცრად დახვეწილი და ნატიფი სახე ჰქონდა, თხელი, შავი პერანგის სახელოებიდან ლამაზი, ძლიერი, თლილთითებიანი ხელები მოუჩანდა. შავი, პრიალა ფეხსაცმელები მისი კანიდან გამომავალ, მკრთალ სინათლეზე ბრწყინავდნენ.
— გზა ხომ არ აგებნა, ლამაზო? — მკითხა მიმზიდველმა მოლანდებამ. მისი ყველაფერი მხიბლავდა, ვიზუალური მხრიდან დაწყებული, ნიავის ქროლვისებური ხმით დამთავრებული.
— როდის იყო, მკვდრებს სასაფლაოზე გზა ერეოდათ? — ოდნავ ჩავიღიმე და მზერა მოვარიდე. გული გამალებით მიცემდა, თუმცა, შიშს ოდნავადაც არ ვგრძნობდი.
— ღამით სასაფლაოზე დაძრწიხარ… არ გეშინია, რომ ბოროტ სულს გადაეყარო?
გამეცინა. ბოროტი სული? არა, ჩემი ჰალუცინაცია ასეთ სისულელეს არ მკითხავდა. აშკარად ვიღაც ჩემზე უფრო შერეკილი ადამიანი იყო.
— რამე სასაცილო ვთქვი?
— ასეთი რამეების არ მჯერა.
— არ გჯერა? — საყვედურით შემომხედა და კვამლივით გაიფანტა ჰაერში. მის ადგილას მხოლოდ ცარიელი სივრცე დარჩა, თითქოს აორთქლდა, უკვალოდ გაქრა, გეგონებოდა, მიწამ ჩაყლაპაო… გარშემო არავინ ჩანდა. ძლივს მოვასწარი გაფიქრება, მართლა ჰალუცინაცია ყოფილა მეთქი, რომ ისევ იმ ადგილას გაჩნდა და თვალისმომჭრელად გამიღიმა.
— ჰალუცინაცია ხარ, არა? — ვკითხე მტკიცედ და ხელი გავიქნიე, დარწმუნებული ვიყავი, რომ შხუილით გავკვეთდი ჰაერს, ამის ნაცვლად ხელი მის მკვრივ, თბილ სხეულს მოვარტყი.
— უჰ… მწარე ხელი გქონია! ხომ არ იტკინე?
— ილუზიონისტი ხარ?
პასუხად ხმამაღლა გადაიხარხარა.
— გიჟი ხარ! — გაბრაზებულმა ზურგი ვაქციე და გზისკენ გავეშურე, იმ იმედით, რომ ტაქსს ვნახავდი და შინ წავიდოდი. მტკიცე, მაგრამ აჩქარებული ნაბიჯებით მივიწევდი წინ. წუთით შევჩერდი და უკან მოვიხედე. უცნობი არსად ჩანდა. ცოტა არ იყოს, გული დამწყდა — მინდოდა კიდევ ერთხელ შემევლო თვალი მშვენიერი არსებისთვის.
შინ დავბრუნდი, საშინაო სამოსში გამოვეწყვე და დასაძინებლად დავწექი. ჩამთვლიმა. ძილში ჩამესმა, როგორ გაიჭრიალა საწოლმა, თითქოს ვიღაც ჩამოჯდა ზედ. თვალები გავახილე და კინაღამ შევყვირე — ფოკუსების მოყვარული უცნობი, სასაფლაოსთან რომ ვნახე, საწოლზე იჯდა და მიღიმოდა.
საგონებელში ჩავვარდი. ვინ იყო ის — ჩემი წარმოსახვის ნაყოფი, თუ რეალურად არსებული პიროვნება? თუ ის მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში არსებობდა, ესე იგი, სერიოზულად გავაფრინე, ხოლო თუ რეალურად არსებული პიროვნება იყო, ესე იგი, გაცილებით უფრო რთულად იყო საქმე. ჩვეულებრივი ადამიანები ასე არ გამოიყურებიან, მისი თვალების არაბუნებრივი ფერი აშკარად ლინზების დამსახურება იყო, მისი მანათობელი კანი კი ალბათ, გრიმის. შესაძლოა, ის მსახიობი ან რაღაც ამდაგვარი იყო. ჩვეულებრივი ადამიანები, როგორც წესი, არ ქრებიან და ჩნდებიან თვალისდახამხამებაში — ეს იმას ნიშნავდა, რომ იგი აშკარად ილუზიონისტი გახლდათ. ჩვეულებრივი ადამიანები ღამით სასაფლაოებზე არ დაძრწიან, ადამიანებს ჩუმად არ მიჰყვებიან უკან და მათ სახლებში არ იპარებიან — ეს საქციელი იმაზე მიუთითებდა, რომ ის მანიაკი იყო.
საინტერესოა, რა მიზნები ამოძრავებდა ამ მშვენიერ მსახიობ, ილუზიონისტ მანიაკს? ალბათ, მკვლელი იყო, აბა, ასეთი ლამაზი მანიაკი სხვა რა მიზნით მოვიდოდა ჩემთან?! არც ისეთი ლამაზი ვიყავი, რომ მაცდური აზრები აღმეძრა მასში, არც რამე ღირეული მებადა, რომ გავეძარცვე. ჰო, აშკარად მკვლელი იყო. ძალიან კარგი! ბოლოს და ბოლოს განვთავისუფლდებოდი იმ წყევლისგან, რომელსაც სიცოცხლე ჰქვია.

FacebookTwitterGoogle+Odnoklassniki

გვერდები: 1 2 3 4 5 6 7 8

3 კომენტარი ჩანაწერზე „სიკვდილის სურნელი“

    • კაენ ამბობს:

      მეორედ ვკიტხულობ :)

    • ვამპირი ამბობს:

      მე რამდენჯერმე გადავიკითხე და ისე ძალიან აღარ მომეწონა, როგორც ადრე… მაგრამ ჩემს მიერ დაწერილ მოთხრობებს შორის ეს საუკეთესოა… იმედია მოვიცლი კიდევ დასაწერად, ამ ბლოგის ხელში თავის მოსაფხანად აღარ მცხელა როგორც იტყვიან.

    • კაენ ამბობს:

      მე კი პირიქით, უფრო და უფრო მეტად მომწონს :P

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები გამოქვეყნდება შემოწმების გავლის შემდეგ.

:ჭიქა: :ფრთა: :პერგამენტი: :ნიორი: :კუბო: :დიახ: :დაცინვა: :გული: :განაწყენებული: :არა: :ანხი: :| :skull: :p :like: :D :)

Captcha *