Geeky Blog

სიკვდილის სურნელი

2013 წლის 24 ივნისი

— აქ საიდან გაჩნდი? — ვკითხე, როდესაც ელდამ გადამიარა.
— უკან გამოგყევი.
— მაგას თვითონაც მივხვდი! — გავღიზიანდი. თავში ათასი კითხვა მიტრიალებდა და არ ვიცოდი, რომლით დამეწყო — რა ჯანდაბა გინდა? როგორ ამედევნე ასე შეუმჩნევლად, ან რატომ? სახლში როგორ შემოაღწიე? რის მიღწევას ცდილობ?
— ცნობისმოყვარე ყოფილხარ, თანაც — უხეში, — უცნობი გულდასმით მაკვირდებოდა.
— რას მელაპარაკები?! — მოთმინება საბოლოოდ დამეკარგა. მისი მშვიდი სახე ნერვებს მიშლიდა, ისეთი გამომეტყველებით იჯდა, თითქოს სხვის სახლში შეპარვა ჩვეულებრივი მოვლენა ყოფილიყოს — საკითხავი ისაა, შენ თვითონ ვინ ეშმაკი ხარ?!
— პასუხი ახლახანს გააჟღერე შენსავე შეკითხვაში… თუმცა, ეშმაკი არც ისე კარგად ჟღერს, „დაცემული ანგელოზი“ ან „დემონი“ სჯობს.
— სისულელეების მოსმენის ხასიათზე არ ვარ! თუ გინდა, ნურაფერს ნუ მეტყვი, უბრალოდ, აქედან მიბრძანდი! აქ არავის დაუპატიჟებიხარ!
— კარგი, მე წავალ. ღრმად და მშვიდად იძინე, — უცნობი გაქრა.
საწოლიდან ავდექი, სინათლე ავანთე და მთელი სახლი გადავქექე, მისი კვალიც კი არსად ჩანდა. ფანჯრები და კარებები შიგნიდან იყო ჩაკეტილი. საწოლის ქვეშაც კი შევიხედე, თუმცა, ისეთი დაბალია, რომ ბავშვიც კი არ შეეტევა. ის იყო შუქის ჩაქრობა დავაპირე, რომ კედელზე ღამურისებურფრთიანი ადამიანის ფორმის ჩრდილი შევნიშნე. არავინ ჩანდა, ვისაც ასეთი ჩრდილის დატოვება შეეძლო.
— მგონი საბოლოოდ გავრეკე, — თვალები დავახამხამე. ჩრდილი გაქრა. დარწმუნებულმა, რომ ჰალუცინაციები დამეწყო, სინათლე ჩავაქრე და დასაძინებლად დავწექი.
ვიგრძენი, როგორ დამაწვა ზემოდან სიმძიმე, გახშირებული სუნთქვა ჩამესმა და ყელზე ვიღაცის ცხელი ტუჩები შემეხო.
გამომეღვიძა. ისევ ის უცნობი დავინახე, ნაზად ეალერსებოდა ჩემს სხეულს. სანამ რამის თქმას მოვასწრებდი, ტუჩები სწრაფად შეაწება ჩემს ბაგეს. წუთით მეც ავყევი, მკლავები შემოვხვიე და თითები აბრეშუმივით რბილ თმაში შევუცურე. შეეცადა ტანსაცმელი გაეხადა ჩემთვის. წინააღმდეგობა გავუწიე — თვითონაც არ ვიცი, როგორ ან რატომ — მისი ყოველი შეხება ნეტარებას მგვრიდა, მთელი ჩემი არსებით მსურდა, მისი გავმხდარიყავი, სხეული აღარ მემორჩილებოდა, აზროვნების უნარს ვკარგავდი.
ძალის დატანება არ უცდია, შევეწინააღმდეგე თუ არა, მაშინვე მომშორდა და საყვედურით აღვსილი მზერა მომაპყრო.
— რატომ გაიღვიძე? ყველაფერი გააფუჭე! როგორც წესი, ასეთ დროს არავინ იღვიძებს ხოლმე, არავის არ სურს ტკბილი სიზმრიდან გამოფხიზლება. არა, ყველაფერი ჩემი ბრალია! ჩვევისთვის არ უნდა მეღალატა!
— რა ჩვევისთვის? — ვკითხე მშვიდად, თითქოსდა უჩვეულო არაფერი მომხდარა. სხვა ჩემს ადგილას, ალბათ ისტერიკაში ჩავარდებოდა, მე კი ცნობისმოყვარეობამ მძლია.
— ჩვეულებრივ, ადამიანის სახით დავხეტიალობ, თუკი გზად მიმზიდველ ქალბატონს ვნახავ, უჩუმრად მივყვები უკან და როცა იძინებს, მასთან შევდივარ. მათ ჰგონიათ, რომ სიზმარს ხედავენ და აზრადაც არ მოსდით გამოღვიძება, უნდათ რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ტკბილი სიზმარი. ამჯერად კი ყველაფერი სხვაგვარად მოხდა: ფიქრებში გართული ვსეირნობდი, ვერც კი შევნიშნე, როგორ ამოვყავი თავი სასაფლაოსთან. უეცრად შენ დაგინახე და მომეწონე, ვიფიქრე, გამოდგება მეთქი. თვითონაც არ ვიცი, რატომ გამოგელაპარაკე. ეს უდიდესი შეცდომა იყო! ასე რომ არ მოვქცეულიყავი, შენც სიზმარი გეგონებოდი და წინააღმდეგობას არ გამიწევდი. სულელურად მოვიქეცი!
— ან შეშლილი ხარ, ან ჩემი გაგიჟება გინდა, ან კიდევ — ორივე ერთად!
— მე მხოლოდ ის მინდა, რომ ღრმად დაიძინო.
— მძიმე შემთხვევაა, — ამოვიოხრე და სახე ხელებში ჩავმალე.
— თუ გინდა, ნუ დაიძინებ, უბრალოდ, მშვიდად იწექი. არ შემეწინააღმდეგო.
— რას მიზავ, რომ შეგეწინააღმდეგო?!
— თუ შემეწინააღმდეგები, არაფერს, მაგრამ, თუ მშვიდად იწვები… — ეშმაკურად შემომხედა.
— შენ მე ვინ გგონივარ?! თავიდან მომწყდი, თორემ ინანებ!
— ვერაფერს დამიშავებ!
— ჩემი მოთმინების გამოცდას არ გირჩევ! — მაგიდიდან ფაიფურის ჭიქა ავიღე და მაგრად ჩავბღუჯე.
— დამარტყი! — მითხრა მტკიცე, აუღელვებელი ხმით, — დამარტყი, მიდი!
— დიდხანს არ გახვეწნინებ! — გაბრაზებულმა ჭიქა ვესროლე. უცნობი თითქოს გადნა, კვამლივით გაიფანტა ჰაერში. სხეული გამჭირვალე გაუხდა. ჭიქამ მის მკერდში გაიარა, კედელს შეასკდა და ნამსხვრევებად იქცა. უცნობმა ისევ მყარი ფორმა მიიღო და მოწყალე ღიმილით შემომხედა, თითქოს პატარა, სულელი ბავშვი ვიყავი, — ეს როგორ გააკეთე?!
— მარტივად.
— მასწავლე!
— არ გამოგივა; ცოცხალი ადამიანი ამას ვერ გააკეთებს.
— კარგი ერთი! შენ თუ შეგიძლია, მეც ვიზამ!
— შენ დემონი არ ხარ!
— შენ თუ დემონი ხარ, მაშ მე გობლინი ვყოფილვარ! — თვალები გადავატრიალე.
— ჩემი არ გჯერა?
— რა თქმა უნდა, არა! იმ ასაკიდან გამოვედი, რომ ზღაპრები დავიჯერო!
— შემიძლია, დაგიმტკიცო. მითხარი, რა გსურს ყველაზე მეტად?
— შენ რა, კონტრაქტის დადებას მთავაზობ?
— არა, არა! არასწორად გამიგე. ეგ ჩემი საქმე არ არის — მე დემონი–ინკუბუსი ვარ, გარიგების წარმოება ჩემი საქმე არაა, თუმცა, სურვილის შესრულება შემიძლია მათთვის, ვისაც ამის ღირსად ჩავთვლი.
— სანაცვლოდ რას მოითხოვ? — ვკითხე რაც შემეძლო, ირონიული ტონით, რათა არ ეფიქრა, რომ მისი ზღაპრების მჯეროდა, თუმცა სადღაც, ცნობიერების შორეულ კუნჭულში, ვფიქრობდი, რომ ჩემს წინ მართლაც დემონი იდგა.
— არაფერს; ამას მხოლოდ იმის გამო გავაკეთებ, რომ ჩემს ძალაში დაგარწმუნო, და კიდევ იმიტომ, რომ მომწონხარ. თუმცა, თუ მადლობის გადახდა მოგინდება, ალბათ ხვდები, ეს როგორ უნდა გააკეთო, — ხარბად შემათვალიერა და მაცდური ღიმილით დამაჯილდოვა, — აბა, რას ინატრებ?
— მამაჩემი გააცოცხლე, თუ მართლა დემონი ხარ!
— ოჰ! აბა, რას ამბობ?! მე ასეთი ძლიერი დემონი არ ვარ; მკვდრის გაცოცხლებას, უკვდავებას და სამყაროს მართვას ნუ მომთხოვ. უფრო მარტივი სურვილები არ გაქვს?
— მაშინ… შემიყვარე, — ვთქვი და მაშინვე ვინანე. საშინლად შემრცხვა. ისე, ეს საკმაოდ კარგად გათვლილი თხოვნა იყო — თუკი დემონი შემიყვარებდა, ყველა სურვილს შემისრულებდა, რასაც მოვინდომებდი. თუმცა, მხოლოდ ამიტომ არ მითხოვია ეს — მინდოდა, სამუდამოდ ჩემთან დარჩენილიყო, მინდოდა ვყვარებოდი და მეც მყვარებოდა. მინდოდა გამეგო, როგორი იყო ბედნიერება. ვგრძნობდი, რომ ისიც გულს მატკენდა, ჩვეულებრივი, მოკვდავი მამაკაცების მსგავსად. მისი პასუხი ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. გულში სიცივე ჩამეღვარა და მისი განადგურება მომინდა.
— არც მაგ სურვილის შესრულება არ შემიძლია — მომწონხარ, მაგრამ მე ასეთი ბუნება მაქვს — დღეს ერთ ქალთან ვარ, ხვალ — მეორესთან… თანაც, დიდხანს თუ დავრჩები შენთან, ეს შენს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის.
— რა თქმა უნდა! არცერთი სურვილის შესრულება არ შეგიძლია! დემონი კი არა, ვიღაც მანიაკი ხარ!

FacebookTwitterGoogle+Odnoklassniki

გვერდები: 1 2 3 4 5 6 7 8

3 კომენტარი ჩანაწერზე „სიკვდილის სურნელი“

    • კაენ ამბობს:

      მეორედ ვკიტხულობ :)

    • ვამპირი ამბობს:

      მე რამდენჯერმე გადავიკითხე და ისე ძალიან აღარ მომეწონა, როგორც ადრე… მაგრამ ჩემს მიერ დაწერილ მოთხრობებს შორის ეს საუკეთესოა… იმედია მოვიცლი კიდევ დასაწერად, ამ ბლოგის ხელში თავის მოსაფხანად აღარ მცხელა როგორც იტყვიან.

    • კაენ ამბობს:

      მე კი პირიქით, უფრო და უფრო მეტად მომწონს :P

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები გამოქვეყნდება შემოწმების გავლის შემდეგ.

:ჭიქა: :ფრთა: :პერგამენტი: :ნიორი: :კუბო: :დიახ: :დაცინვა: :გული: :განაწყენებული: :არა: :ანხი: :| :skull: :p :like: :D :)

Captcha *