Geeky Blog

სიკვდილის სურნელი

2013 წლის 24 ივნისი

— უბრალოდ, შეუძლებელს ითხოვ ჩემგან! მე ყოვლისშემძლე არ ვარ!
— კარგი, მაშინ შენი ძალა მომეცი და თვითონვე გავაკეთებ, რაც მომინდება!
— ძალა მთლიანად რომ გადმოგცე, გავნადგურდები. შემიძლია მხოლოდ ჩემი ძალის მეოთხედი შემოგთავაზო. ეს დანაკლისი მნიშვნელოვნად დამაზიანებს, თუმცა, სწრაფადვე აღვიდგენ ძალას. და მაინც, ამის გაკეთებას არ გირჩევ!
— რატომ?
— შენი სხეული ამხელა ძალას ვერ გაუძლებს — მოკვდები, რა წამსაც ძალას გადმოგცემ.
— თანახმა ვარ! სიცოცხლე მაინც აღარ მინდა.
— კარგი. დასაფიქრებლად ერთ დღე–ღამეს მოგცემ. იმედია, მომდევნო ღამემდე გადაიფიქრებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიკვდილი არ აგცდება. დასანანი იქნება, რომ დაიღუპო. ისეთი კარგი ხარ…
— ასე ნუ მიყურებ!
— ხვალ ღამით მოვალ, — დაიჩურჩულა უცნობმა და გაუჩინარდა.
დავწექი და თავი მოვიკატუნე, თითქოს მეძინა. ამჯერად აღარავინ გამოჩენილა. მეშინია, თუმცა, ჯერ ვერ გავრკვეულვარ, რა უფრო მაშინებს — მისი დაბრუნების მოლოდინი თუ ფიქრი, რომ ვეღარ ვნახავ… მისი შეხება მენატრება… მინდა, რომ ჩემთან იყოს… სამუდამოდ. სულ მარტო ვარ. ნეტავ, მართლა მოვკვდე მომდევნო ღამით.“

ასე მთავრდებოდა უკანასკნელი ჩანაწერი დღიურში. ამ დღიურმა თავსატეხი გამიჩინა — მოხუცი ქალის სიტყვები მომაგონდა, გოგონას სიკვდილის წინა დღეებში სახლთან უცნობი მამაკაცი შენიშნესო. ეს სიტყვები რომ არა, დღიურს ყურადღებას არ მივაქცევდი, ვიფიქრებდი, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ გოგონას წარმოსახვის ნაყოფი იყო, მაგრამ, ახლა… ვფიქრობდი, ხომ არ ჯობდა, დღიური პოლიციისთვის მეჩვენებინა? იქნებ, გოგონა სულაც არ მომკვდარა გულის შეტევით? იქნებ, ვიღაც მანიაკის მსხვერპლი გახდა, რომელიც დემონად ასაღებდა თავს? შესაძლოა, სწორედ ეს თვითმარქვია დემონი დგას იმ უცნაურ უბედურ შემთხვევათა სერიის უკან, მოხუცმა ქალმა რომ ახსენა…
საკუთარ თავში აღმოჩენილი დეტექტიური ნიჭით აღფრთოვანებულმა მანქანა დავძარი და დღიური სასწრაფოდ ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში გავაქანე.
— ჩვენ ეს საქმე უკვე გამოვიძიეთ, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მკვლელობის არანაირი კვალი არ შეგვიმჩნევია. გოგონას ცხედარს ძალადობის არავითარი ნიშნები არ ეტყობოდა. გარწმუნებთ, ეს უბრალოდ გულის შეტევა იყო, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს ასეა. მეც უცნაურად მომეჩვენა ასეთ ადრეულ ასაკში გულის შეტევით სიკვდილი, მით უმეტეს, მის ორგანიზმში ნარკოტიკების, ალკოჰოლის ან რაიმე მომწამვლელი ნივთიერების კვალი არ აღმოჩნდა… რამდენიმე უბედური შემთხვევა მართლაც მოხდა, თუმცა ეს მხოლოდ უბედური შემთხვევები იყო. შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ, არავითარი სერიული მკვლელი არ არსებობს, ჩვენ ყველაფერს ვაკონტროლებთ.
განყოფილებიდან გუნებაწამხდარი გამოვედი. უკნიდან პოლიციელების ჩუმი ხითხითის ხმა მომესმა. ნეტავ, მართლა ასეთი იდიოტები იყვნენ, თუ მკვლელს განზრახ აფარებდნენ ხელს? ან იქნებ, მკვლელი მართლაც არ არსებობდა? ასე იყო, თუ ისე, მე ამას ვერასდროს გავიგებდი, ამიტომ დღიური სანაგვე ურნაში ჩავუძახე და ამ თემაზე ფიქრი შევწყვიტე.

ბოლოს და ბოლოს, რემონტი დავამთავრე და დადგა დრო, რომ ახალ სახლში გადავსულიყავი საცხოვრებლად. ამ ამბის აღნიშვნა აზრადაც არ მომსვლია, რადგან როგორც უკვე ვთქვი, სიწყნარეს დავეძებდი და აურზაური არ მსურდა.
მეზობლები ჩემთან დაახლოებას ცდილობდნენ, მეც რაც შემეძლო, ზრდილობიანად ვიშორებდი თავიდან. ხალხთან კონტაქტს მაქსიმალურად ვარიდებდი თავს. მხოლოდ ერთ სანდომიან მოხუც კაცს დავუმეგობრდი, ალბათ, იმის გამო, რომ როგორღაც შინაგან სიმშვიდეს გამოსცემდა, საოცრად წყნარი ადამიანი ჩანდა. გადმოსვლის პირველსავე დღეს ჩაიზე დამპატიჟა. საკმაოდ გულთბილად ვისაუბრეთ, ჩემს მსგავსად ისიც მარტო ცხოვრობდა და ხმის გამცემი არ ჰყავდა. დავპირდი, თავისუფალ დროს შემოგივლი ხოლმე მეთქი, ვთხოვე თვითონაც მსტუმრებოდა. შემდეგ ვუთხარი, რომ უამრავი საქმე მქონდა, დავემშვიდობე და ჩემს ახალ სახლს მივაშურე. საქმე მართლაც თავზე საყრელად მქონდა — ჩემი ნივთები უნდა ამომელაგებინა, თანაც ადრე ვიყავი ასადგომი — აქამდე დედაქალაქის ცენტრში ვცხოვრობდი და იქვე ახლოს ვმუშაობდი, სახლიდან სამსახურამდე მანქანით თხუთმეტ წუთში მივდიოდი, ახლა კი ალბათ, ორი საათი მაინც დამჭირდებოდა…
საღამომდე ვალაგებდი ნივთებს, ბოლოს, როგორც იქნა, მოვრჩი და დაღლილმა სააბაზანოს მივაშურე, რომ ძილის წინ შხაპი გადამევლო. სააბაზანოს კარი დავკეტე — ჩვევის გამო, თორემ ისე არანაირი აზრი არ ჰქონდა ამას, სულერთია, მაინც მარტო ვიყავი სახლში.
გავიხადე თუ არა, კარი ფართოდ გაიღო და ისევ დაიხურა. იმავე წამს სუნამოს ნაზი, მოტკბო სურნელი ვიგრძენი, სწორედ ისეთი, როგორიც დღიურის ფურცლებს ჰქონდა.
— მანდ ვინ არის? — პირსახოცი შემოვიხვიე და მთელი სახლი შემოვიარე. რა თქმა უნდა, შინ ჩემს გარდა არავინ იყო. სააბაზანოში შევბრუნდი და შხაპის მიღება განვაგრძე, შემდეგ გავიმშრალე, სუფთა ტანსაცმელი ჩავიცვი და დასაძინებლად დავწექი.
სიზმარში ახალგაზრდა, შავთმიანი ქალი ვნახე, რომელიც ნელა მოდიოდა ჩემსკენ. გრძელი, შავი ღამის პერანგი ეცვა, მაჯები დასერილი ჰქონდა, თვალები — კუპრისფერი. თეთრი გარსიც კი გაშავებოდა.
— არ მოგწონს, შიშველს რომ გიყურებენ? არც მე მომწონს, ჩემს ნივთებში რომ იქექებიან.
შევკრთი და გამოვიღვიძე. წყლის ჩხრიალი მომესმა. ძირს დავიხედე და გული გადამიქანდა — იატაკი დატბორილი იყო, არადა, სააბაზანოდან გამოსვლამდე გულდასმით დავკეტე ონკანი.
ყველაფერი გადაღლილობას დავაბრალე, მთელი ღამე ოთახის გამშრალებას მოვუნდი, დილით სამსახურში უძილობისგან თვალებდაწითლებული გამოვცხადდი. კოლეგებისთვის ნათქვამი მქონდა, რომ ახალ ბინაში გადავედი, ამიტომ ჩათვალეს, რომ ამის აღსანიშნავად მეტისმეტად ბევრი დავლიე და ეს გახდა ჩემი თვალების დაწითლების და დაღლილობის მიზეზი.
სამსახურის შემდეგ ჩემს მოხუც მეზობელს ვეწვიე. მან ჩვეულებისამებრ, მაგიდაზე ორი ფინჯანი ჩაი და საშაქრე დადგა და სკამზე ჩამოჯდა. საუბარს შევყევით, მასთან ყოფნა როგორღაც სიმშვიდეს მგვრიდა. საუბარი ოჯახებს შეეხო. ვუთხარი, რომ ჩემს მშობლებს დიდად არ მოსწონდათ ჩემი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის ფაქტი.
— თქვენი ოჯახის წევრები სად არიან? შვილები, შვილიშვილები… არ გყავთ? — ვკითხე გაუბედავად.
— ჩემი ქალიშვილი მშობიარობას გადაჰყვა, სიძე კი საზღვარგარეთ გაემგზავრა და ყოველთვე გვიგზავნიდა ფულს. მე ვზრდიდი პატარა ირინას…
ირინა… ეს სახელი ბუნდოვნად მახსოვდა საიდანღაც. გონება დავძაბე და გავიხსენე — იმ იდუმალებით მოცულ დღიურში იყო ნახსენები ვინმე ირინა, რომლის გულის მონადირებაც სურდა ვიღაც ჯონს, რომელიც დღიურის ავტორს მოსწონდა.
— კარგად ხართ? — მკითხა მოხუცმა, ჩანდა, ჩემი ფიქრებში წასული მზერა არ გამოჰპარვია.
— ო, დიახ. მაპატიეთ, ჩავფიქრდი. რაღაცას ჰყვებოდით თქვენს შვილიშვილზე, ირინაზე.
— დიახ, — სევდიანად თქვა მოხუცმა და შავ ჩარჩოში ჩასმულ სურათზე მიმითითა, რომელზეც მომხიბვლელი, ქერათმიანი ქალიშვილი იყო გამოსახული და რატომღაც, აქამდე შენიშნული არ მქონდა, — ჩემი პატარა ირინა… რამდენიმე თვის წინ დაიღუპა, საკუთარი ქორწილის პირველ ღამეს. შენობას, სადაც ის და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ, ხანძარი გაუჩნდა და ორივე…
— ძალიან ვწუხვარ… ამბობენ, რომ აქ უბედური შემთხვევები ხშირად ხდება.
— დიახ, ბოლო ხანებში ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა, — მოხუცი წამოდგა, ოთახიდან გავიდა და ძველი, გაყვითლებული გაზეთების ამონაჭრებით ხელში დაბრუნდა — პირველი, ვინც დაიღუპა, ეს გოგონა იყო. იმ ბინაში ცხოვრობდა, თქვენ რომ შეიძინეთ.

FacebookTwitterGoogle+Odnoklassniki

გვერდები: 1 2 3 4 5 6 7 8

3 კომენტარი ჩანაწერზე „სიკვდილის სურნელი“

    • კაენ ამბობს:

      მეორედ ვკიტხულობ :)

    • ვამპირი ამბობს:

      მე რამდენჯერმე გადავიკითხე და ისე ძალიან აღარ მომეწონა, როგორც ადრე… მაგრამ ჩემს მიერ დაწერილ მოთხრობებს შორის ეს საუკეთესოა… იმედია მოვიცლი კიდევ დასაწერად, ამ ბლოგის ხელში თავის მოსაფხანად აღარ მცხელა როგორც იტყვიან.

    • კაენ ამბობს:

      მე კი პირიქით, უფრო და უფრო მეტად მომწონს :P

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები გამოქვეყნდება შემოწმების გავლის შემდეგ.

:ჭიქა: :ფრთა: :პერგამენტი: :ნიორი: :კუბო: :დიახ: :დაცინვა: :გული: :განაწყენებული: :არა: :ანხი: :| :skull: :p :like: :D :)

Captcha *