Geeky Blog

სიკვდილის სურნელი

2013 წლის 24 ივნისი

ფოტოს დავხედე და გავშრი. სწორედ ეს გოგონა ვნახე გასულ ღამეს სიზმარში. სტატია ჩავიკითხე. გოგონა 7 ივლისს, შუადღისას იპოვეს მკვდარი. დღიურში ბოლო ჩანაწერი 6 ივლისს გააკეთა, მეორე ღამით კი…
— შემდეგი ეს წყვილი იყო. ისინიც თავისი ქორწილის ღამეს დაიღუპნენ. მიზეზი გაზის გაჟონვა იყო. გოგონას თუ არ ვცდები, მარია ერქვა, მისი მეუღლის სახელი აღარ მახსოვს, — მოხუცმა გაზეთის ამონაჭერი გამომიცურა. სურათზე უსიამოვნო შესახედაობის ქალიშვილი და სიმპათიური მამაკაცი იყვნენ გამოსახული, — ეს კი — კიდევ ერთი ამონაჭერი მიჩვენა, სტატიას უზადო გარეგნობის მქონე ჭაბუკის ფოტო ერთვოდა, — ჯონია. ამ ბიჭს კარგად ვიცნობდი. ფანჯრების წმენდის დროს მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა, სიკვდილის წინ გამუდმებით იმეორებდა, რომ ხელი ჰკრეს, თუმცა პოლიციამ სახლი დაათვალიერა და თქვა, რომ მკვლელობის ვერსია გამორიცხული იყო. მის მერე ჩემი ირინა და მისი მეუღლე ემსხვერპლნენ უბედურ შემთხვევას. ჩემი პატარა გოგონა… ქორწილის წინა დღეებში ძალიან აღელვებული იყო, მეუბნებოდა, ასე მგონია, ვიღაც ფეხდაფეხ დამყვებაო, ვარწმუნებდი, რომ ქორწილის გამო ღელავდა და ამიტომ ეჩვენებოდა.
სახლში იმაზე უფრო გულდამძიმებული დავბრუნდი, ვიდრე ვიყავი. ყველა, ვინც დღიურში იყო ნახსენები, ვინც დღიურის პატრონს სძულდა, ნაადრევად გამოესალმა სიცოცხლეს. თავს ვიმშვიდებდი, რომ ეს უბრალოდ დამთხვევა იყო, დღიურში ის ქალიც ცუდად იყო მოხსენიებული, ვისგანაც ბინა ვიყიდე, თუმცა, მას არაფერი დამართნია. მაგრამ რით უნდა ამეხსნა გუშინდელი შემთხვევა? სააბაზანოს კარის გაღება, სუნამოს სურნელი, დატბორილი იატაკი და ის სიზმარი… სიმპათიური, შავთმიანი გოგონა, რომელიც ფოტოზე იყო აღბეჭდილი. ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც წინა ღამეს, სიზმარში ნანახი ქალიშვილი. ამდენი დამთხვევა ერთად… ჩანაწერის მიხედვით, 6 ივლისს, ღამით გოგონა დემონს შეხვდა და მას ძალის გაზიარება სთხოვა. დემონმა მოსაფიქრებლად 1 დღე მისცა, ანუ 7 ივლისს, ღამით აპირებდა მასთან სტუმრობას. როგორც ჩანს, ესტუმრა კიდეც — და 7 ივლისს, შუადღისას, გოგონას ცხედარი იატაკზე აღმოაჩინეს… არა, ეს სრული სიგიჟე იყო!
ჩავთვალე, ეტყობა ადგილის გამოცვლის გამო გადავიტვირთე და დაღლილობისგან პარანოია დამეწყო მეთქი. ადრე ასეთი რამეების არასდროს მჯეროდა. თავი გავიმხნევე და დასაძინებლად დავწექი. ამჯერად არაფერი დამსიზმრებია, თუმცა, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ვიღაც მეხუტებოდა. გამოვიღვიძე. საწოლში რა თქმა უნდა, არავინ იყო ჩემს გარდა. ისევ ის უცნაური, მოტკბო სურნელი ვიგრძენი.
ვცდილობდი უცნაური შეგრძნებებისთვის და მოვლენებისთვის ყურადღება აღარ მიმექცია და ყველაფერი გადაღლილობისგან გამოწვეულ ჰალუცინაციებად ჩამეთვალა.
მოსვენება დავკარგე. ღამეში რამდენჯერმე მაღვიძებდა შეგრძნება, რომ ვიღაც მკოცნიდა.
ხანდახან ისეთი გრძნობა მიჩნდებოდა, თითქოს ახალ სახლთან ერთად, უჩინარი „ცოლიც“ შევიძინე, რომელიც თავს ამ სახლის დიასახლისად თვლიდა და ჩემს ყოველ ნაბიჯს აკონტროლებდა.
ვგრძნობდი, რომ თანდათან ჩამოყალიბებული პარანოიკი ვხდებოდი. შესაძლოა, ეს მხოლოდ დამთხვევა იყო, მაგრამ ყავისფერ საგნებს, რომლებიც ბინაში შემქონდა, ყოველთვის რაღაც ემართებოდა, თითქოს უჩინარ დიასახლისს ყავისფერი სასტიკად არ მოსწონდა. ჩემი ახალთახალი, ერთი შეხედვით, გამძლე და ხარისხიანი ქსოვილის ყავისფერი სამოსი ნაფლეთებად ქცეული გამომქონდა სარეცხი მანქანიდან. არადა, სხვა ფერის სამოსს ნაკაწრიც კი არსად ჰქონდა. ახალთახალი ყავისფერი კარადის კარი ხელში შემრჩა, რომდესაც მისი გაღება ვცადე. ყავისფერი ჭურჭელი თავისით ცვიოდა თაროებიდან და იმსხვრეოდა.
გამუდმებით ვგრძნობდი ჩემსკენ მომართულ დაჟინებულ მზერას. საცხოვრებელი ადგილი იმისთვის შევიცვალე, რომ სიმშვიდე მეპოვა, მაგრამ ამ სახლში საბოლოოდ დავკარგე სიმშვიდე. ვცდილობდი რაც შეიძლება დიდი დრო გამეტარებინა სამსახურში, რომ სახლისგან რაც შეიძლება, შორს ვყოფილიყავი. ამას კიდევ ერთი დადებითი მხარე ჰქონდა — სამსახურის საქმეებით გართულს ნაკლები დრო მრჩებოდა პირადულ პრობლემებზე საფიქრელად.
— რა გემართება, ალექს? ბოლო დროს ძალიან შეშფოთებული მეჩვენები, — ჩემმა კოლეგამ, ნატალიმ დაკვირვებით შემათვალიერა.
— ოჰ! არაფერი, გადაღლილობის ბრალია — ახალი სახლი, სახლიდან სამსახურამდე გასავლელი მანძილის გაზრდა… დილით ადრე მიწევს ადგომა, რომ არ დამაგვიანდეს. ვეღარ ვუძლებ…
— ჰო, მართლა: შენს ახალ სახლს არ დამათვალიერებინებ?
— რა თქმა უნდა, როცა მოისურვებ.
— დღეს, სამსახურის შემდეგ?
— კარგი. დღეს, სამსახურის შემდეგ ყავაზე გეპატიჟები, — გავუღიმე.
მეგობართან ერთად ყავის დალევა ალბათ სასიკეთოდ წამადგებოდა. ბოლო დროს ძალიან დათრგუნული ვიყავი და გულის გადაყოლება მჭირდებოდა. სამსახურის შემდეგ ჩემს სახლში წავედით. ნატალის სახლი დავათვალიერებინე, შემდეგ ყავა მოვადუღე და ფინჯნები მაგიდაზე დავდე.
— კარგად მოწყობილხარ, — თქვა ნატალიმ, — მაგრამ, არ მესმის, რატომ ჭარბობს შავი ფერი სახლში? როგორც ვიცი, ყავისფერი გიყვარდა.
— ყავისფერი მას არ უყვარს…
— რა?
— არაფერი…
— მე უნდა წავიდე, ხვალ ადრე უნდა ავდგე. — ნატალი წამოდგა.
— ნახევარი საათიც არ გასულა, რაც აქ ხარ!
— მეჩქარება, მაპატიე. სამსახურში გნახავ. — ნატალი მომეხვია და ნაზად მაკოცა ლოყაზე.
ჩვენს გვერდით მდგარი კარადა შეირყა და რამდეიმე მძიმე წიგნი ხმაურით დაეხეთქა ნატალის თავს.
— ვაიმე! რა ხდება, მიწისძვრაა?! — შეჰკივლა ნატალიმ, სწრაფად მომშორდა და ნატკენი თავი დაიზილა.
— ალბათ… ხომ კარგად ხარ?
— მგონი ჰო…
— კარგია. მგონი წასვლას აპირებდი, არა? — ცოტა არ იყოს, უხეშად გამომივიდა. მინდოდა ნატალი რაც შეიძლება სწრაფად გამერიდებინა სახლისთვის, სანამ ჩემი უჩინარი დიასახლისის მიერ გამართულ ეჭვიანობის სცენებს შეეწირებოდა.
— ჰო, — შეიჭმუხნა ნატალი, — სახლამდე მიმიყვან?
— რა თქმა უნდა!
სახლიდან გამოვედით, კიბე ჩავიარეთ და ჩემს მანქანასთან მივედით. ნატალის მანქანის კარი გავუღე და საჭეს მივუჯექი.
— თავი როგორ გაქვს? — ვკითხე და მანქანის დაქოქვა ვცადე.
— კარგად, საერთოდ აღარ მტკივა. რა სჭირს შენს მანქანას?
— არ ვიცი, არ იქოქება. ასეთი რამ არასდროს დამართნია. ვნახავ, რა სჭირს, დავათვალიერებ.
— ტაქსით წავალ. — ნატალი მანქანიდან გადმოვიდა.
— კარგი.
ნატალი ტაქსით წავიდა შინ, მე სახლში ავბრუნდი, წიგნები თაროზე დავაბრუნე და დაღლილი ტანსაცმლის გაუხდელად დავწექი საწოლზე. ჩამთვლიმა. ამჯერად აღარ გამჩენია გრძნობა, თითქოს ვიღაც მეფერებოდა, სამაგიეროდ, ქარის ზუზუნისმაგვარი ხმა ჩამესმა ყურში:
— შენც გული მატკინე! დაისჯები! ინანებ!

FacebookTwitterGoogle+Odnoklassniki

გვერდები: 1 2 3 4 5 6 7 8

3 კომენტარი ჩანაწერზე „სიკვდილის სურნელი“

    • კაენ ამბობს:

      მეორედ ვკიტხულობ :)

    • ვამპირი ამბობს:

      მე რამდენჯერმე გადავიკითხე და ისე ძალიან აღარ მომეწონა, როგორც ადრე… მაგრამ ჩემს მიერ დაწერილ მოთხრობებს შორის ეს საუკეთესოა… იმედია მოვიცლი კიდევ დასაწერად, ამ ბლოგის ხელში თავის მოსაფხანად აღარ მცხელა როგორც იტყვიან.

    • კაენ ამბობს:

      მე კი პირიქით, უფრო და უფრო მეტად მომწონს :P

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები გამოქვეყნდება შემოწმების გავლის შემდეგ.

:ჭიქა: :ფრთა: :პერგამენტი: :ნიორი: :კუბო: :დიახ: :დაცინვა: :გული: :განაწყენებული: :არა: :ანხი: :| :skull: :p :like: :D :)

Captcha *