Geeky Blog

სიკვდილის სურნელი

2013 წლის 24 ივნისი

ფანჯრების ჯახუნმა გამომაღვიძა. ავდექი. ქარი ამოვარდნილიყო და ფანჯრები ფართოდ გაეღო (არადა, თითქოს საგულდაგულოდ დავკეტე, ისევე, როგორც ონკანი იმ ღამეს, ოთახი რომ დაიტბორა). ფანჯრებისკენ გავემართე, რომ დამეკეტა, სწორედ ამ დროს ფანჯრები გიჟური სისწრაფით მიენარცხნენ კედლებს. შუშის ნამსხვრევები სეტყვასავით წამოვიდნენ ჩემსკენ. ძლივს მოვასწარი სახეზე ხელების აფარება. ხელებიდან ნიაღვარივით წამსკდა სისხლი. ნახევარი საათი ვიძრობდი კანიდან შუშის ნამსხვრევებს, შემდეგ ჭრილობები შევიხვიე და ძალაგამოცლილი დავეხეთქე საწოლზე. იატაკი შუშის ნამსხვრევებით გავსებული და სისხლით დასვრილი იყო, გატეხილი ფანჯრებიდან ქარი უბერავდა, მე კი არაფრის თავი აღარ მქონდა, საბანში გავეხვიე და სიცივისგან ვკანკალებდი. ჭრილობები საშინლად მეწვოდა, ყურში ისევ ის ჩურჩული ჩამესმოდა: „დაისჯები! ინანებ!“ ვგრძნობდი, გაგიჟებამდე აღარაფერი მაკლდა.
— ეს მხოლოდ ქარი იყო, მეტი არაფერი, — ვუმეორებდი საკუთარ თავს.
იმ ღამეს ისევ ის გოგონა მესიზმრა. კუპრისფერ თვალებს არ მაშორებდა.
— ხომ გითხარი, ინანებ მეთქი?! — ჩამჩურჩულა და ნიშნისმოგებით ჩაიღიმა.
დილით თავი შეუძლოდ ვიგრძენი, მაღალი სიცხე მქონდა, როგორც ჩანს, გავცივდი. წვალებით ავკრიფე სამსახურის ნომერი, რათა შემეტყობინებინა, რომ რამდენიმე დღე ვერ მივიდოდი. საბედნიეროდ, საყვედური არ მიმიღია.
ეტყობა, ჩემი ავადმყოფობის ამბავი სამსახურში სწრაფად გავრცელდა, რადგან ოც წუთში შეშფოთებულმა ნატალიმ დამირეკა.
— ნუ ღელავ, სერიოზული არაფერი მჭირს, — მხოლოდ ამის თქმაღა მოვასწარი — ტელეფონი ხელიდან გამისხლტა, იატაკს დაეხეთქა და ნაწილებად დაიშალა, რაც იმას დავაბრალე, რომ ხელები შეხვეული მქონდა და ტელეფონის დაჭერა მიჭირდა.
საოცრად უმწეოდ ვიგრძენი თავი — მანქანა გაფუჭდა, გატეხილი ფანჯრიდან ოთახში სუსხიანი ჰაერი აღწევდა, ოთახი დაულაგებელი იყო, მაცივარი — ცარიელი, მე კი მაღალი სიცხე მქონდა და ხელების ამოძრავებაც კი არ შემეძლო ნორმალურად. ახლა უკვე ტელეფონიც აღარ მქონდა. სწორედ ამ დროს კარზე დააკაკუნეს.
კართან მივედი და გამოვაღე. ზღურბლთან ჩემი მეზობელი მოხუცი კაცი იდგა.
— ღმერთო ჩემო! რა შეგემთხვათ? — შესძახა და ჩემს შეხვეულ ხელებს შეხედა.
— წუხელ ძლიერი ქარი ამოვარდა და ფანჯარა გატყდა. ნამსხვრევები ჩემსკენ გადმოცვივდა და… — ჩავილუღლუღე, — შემობრძანდით. მაპატიეთ, ოთახი ცოტა არეულია, თავი შეუძლოდ ვიგრძენი.
მოხუცი კეთილშობილი ადამიანი გამოდგა. ფანჯრები აჭედა და საგულდაგულოდ დაგმანა, შემდეგ ოთახის დალაგებაში დამეხმარა და ჩაფიქრებული სახით ჩამოჯდა სკამზე.
— ძალიან კეთილი ხართ! რატომ შეწუხდით? — თავი უხერხულად ვიგრძენი.
— აბა, რას ამბობთ… ადამიანები ერთმანეთს უნდა დაეხმარონ. კიდევ ხომ არ გჭირდებათ რამე?
— არა. — ვიცრუე.
— ნუ მოგერიდებათ, ახალგაზრდავ! თქვენი ოჯახის წევრებს უკვე შეატყობინეთ, რომ ავად ხართ?
— არა, უკვე უკეთესად ვარ! — უკეთესად რა თქმა უნდა, არ ვიყავი, მაგრამ არ მსურდა, ჩემი ახლობლები ამ დაწყევლილ სახლს გაჰკარებოდნენ.
— როგორც იტყვით, — მოხუცი წამოდგა, — მაღაზიაში ვაპირებ გასვლას, თქვენც ხომ არ წამოგიღოთ რამე?
— ნუ შეწუხდებით…
— არ შევწუხდები, მართლა! შესაძლოა მოხუცი ვარ, მაგრამ ჯერ–ჯერობით ჯან–ღონეს არ ვუჩივი.
მოხუცს ფული მივეცი და ვუთხარი, რისი შეძენაც მსურდა. თავს საშინლად უხერხულად ვგრძნობდი.
მომდევნო დღეს ჩემი მშობლები მესტუმრნენ. უხალისოდ გავაღე კარი. ვიცოდი, დედაჩემი ერთ ამბავს ატეხდა. ჩემი მოლოდინი გამართლდა.
— ხელებზე რა გჭირს?! — შეჰკივლა, რა წამსაც კარი გავაღე.
— არაფერი, დედა. რაღაც პატარა ნაკაწრებია. ფანჯარა გატყდა და…
— ჩემო საბრალო ბიჭუნა! ხომ ვთქვი, მარტო ცხოვრებისთვის ჯერ მზად არ ხარ! — დედაჩემმა გულში ჩამიკრა და შუბლზე მაკოცა. თავი იდიოტად ვიგრძენი, ვინატრე, არცერთ მეზობელს არ გამოევლო, — შუბლი ცხელი გაქვს! სიცხე გაქვს!
ჩემი დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, დედაჩემი ვერაფრით მოვიშორე. ყოველდღე, დილით ადრე მოდიოდა ჩემთან და გვიან საღამოს მტოვებდა (ადგილი რომ მქონოდა, ალბათ, ღამესაც აქ გაათევდა). სანამ დედაჩემი ჩემზე ზრუნავდა, მამაჩემმა ფანჯრების რესტავრირების საქმე ითავა.
მათი სახლში ყოფნის პერიოდში უჩვეულო აღარაფერი მომხდარა და თითქმის დავრწმუნდი, რომ ყველაფერი ჩემი წარმოსახვის ნაყოფი იყო.
დედაჩემის მზრუნველობის წყალობით, სიცხემ დამიწია, მალე სახვევებიც მოვიხსენი და რადგანაც უკვე შესანიშნავად ვგრძნობდი თავს, სამსახურში დაბრუნება გადავწყვიტე, სანამ ვინმე ჩემს გათავისუფლებას გადაწყვეტდა.
ჩემმა მშობლებმა ჩემთან ვიზიტს მოუკლეს, რადგან მათ ზრუნვას აღარ ვსაჭიროებდი, თანაც, უამრავი საქმე ჰქონდათ.
მანქანა შევაკეთე და ახალი ტელეფონი შევიძინე. ნელ–ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს ვუბრუნდებოდი. სამსახურში დაბრუნებულს კოლეგები გულთბილი ღიმილით მომეგებნენ და კითხვები დამაყარეს. ყველა კითხვა ერთი შინაარსის იყო: „როგორ ხარ?“ „თავს როგორ გრძნობ?“ ცოტა არ იყოს, დამღალა ერთი და იგივე ტექსტის რამდენჯერმე გამეორებამ. მხოლოდ ნატალი მარიდებდა თვალს, ჩანდა, ნაწყენი იყო ჩემზე. მასთან შერიგება არ მიცდია — ორივესთვის უკეთესი იქნებოდა, თუ ახლოს არ გამეკარებოდა. ცივად ავუარე გვერდი და ჩემს კაბინეტს მივაშურე.
იმ ღამეს ისევ ვიგრძენი ვიღაცის ალერსი, თითქოს უჩინარმა მტერმა ზიანის მოყენებით ჯავრი იყარა და დროთა განმავლობაში, წყენამ გადაუარა.
მიჭირდა საკუთარ თავს გამოვტყდომოდი, რომ სადღაც, გულის შორეულ სიღრმეში, მისი დაბრუნება გამიხარდა. გულის სიღრმეში მას უკვე ცხოვრების ნაწილად ვთვლიდი, შევეჩვიე და მენატრებოდა კიდეც…
დილით ჩვეულებისამებრ, ყველაფერი გადაღლილობას დავაბრალე. ჩავთვალე, რომ რამდენიმე დღე საწოლში წოლამ დამასუსტა, ჩვეული რიტმიდან ამომაგდო და სამსახურის დატვირთვას ვეღარ გავუძელი. დაღამებას შიშით ველოდი, მეშინოდა, ისევ ჰალუცინაციები არ დამწყებოდა, ყველაზე მეტად კი ის მაშინებდა, რომ მინდოდა, ჰალუცინაციები დამწყებოდა.
სერიოზულად დავფიქრდი ფსიქიატრთან ვიზიტზე, თუმცა, მეშინოდა, რომ საგიჟეთში მიკრავდნენ თავს.
დასვენების დღე მქონდა. კომპიუტერთან ვიჯექი, ყავას ვსვამდი და ვფიქრობდი, ჩემს კეთილ, მოხუც მეზობელს ხომ არ ვესტუმრო მეთქი.
მუხლები დამიმძიმდა, კისერზე ვიღაცის უჩინარი ხელები შემომეხვია და ისევ გამიჩნდა გრძნობა, თითქოს მკოცნიდნენ. აქამდე ეს მხოლოდ ღამით ხდებოდა, ახლა კი უკვე დღისითაც გამიჩნდა უჩვეულო შეგრძნებები. ამის მოთმენა აღარ შემეძლო.
არ ვიცოდი, ეს ყველაფერი ჩემი წარმოსახვის ნაყოფად ჩამეთვალა და ფსიქოლოგს ვწვეოდი, თუ დამეჯერებინა, რომ მოჩვენებასთან მქონდა საქმე და დასახმარებლად ეკლესიისთვის მიმემართა. ბოლოს, ჩავთვალე, რომ ეკლესიაში წასვლა ჯობდა (იმის გარანტია მაინც მქონდა, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არ ამომაყოფინებდნენ თავს, როცა ჩემს გასაჭირს ვუამბობდი).
ფიქრებში გართული უძრავად ვიჯექი, შეგრძნება კი თანდათან მძაფრდებოდა, თითქოს ვიღაც ჩემს უმოქმედობას თანხმობის ნიშნად თვლიდა.
სასწრაფოდ უნდა მომემოქმედებინა რაღაც, თუმცა, დარწმუნებული არ ვიყავი, რომ მისი მოშორება მინდოდა. თავს მოვერიე, ავდექი, ტანსაცმელი გამოვიცვალე, სახლიდან გამოვედი და იქით გავეშურე, სადაც უახლოესი ეკლესია მეგულებოდა. მღვდელს ჩემი გასაჭირი მოვუყევი და ვკითხე, როგორ უნდა დამეღწია თავი განსაცდელისგან. მან მითხრა, რომ ჩემი დახმარება არ შეეძლო და უფრო მაღალი რანგის სასულიერო პირთან გამგზავნა. იმ კაცმა, ვისთანაც გამგზავნეს, განმიცხადა, რომ უამრავი საქმე ჰქონდა და თვის ბოლომდე ბინაში მოსასვლელად ვერ მოიცლიდა. თუმცა, ჩემმა დაჟინებულმა თხოვნამ და მსხვილი თანხის შეთავაზებამ (განსაკუთრებით, ამ უკანასკნელმა) გული მოულბო და სახლში წამოსვლაზე დამთანხმდა.
მანქანაში ჩავსხედით. გზად დაწვრილებით გამომკითხა ყველაფერი, მარწმუნებდა, რომ ყველაფერს მოაგვარებდა.
ბინაში რომ შევედით, რაღაც რიტუალი ჩაატარა და თვითკმაყოფილი ღიმილით მითხრა, სატანა განვდევნეო.
„მხსნელი“ მანქანაში ჩავსვი, იქ მივაბრძანე, საიდანაც წამოვიყვანე და შინ დავბრუნდი.
მოლოდინით აღვსილი, შიშით ველოდი დაღამებას. იმედი გამიჩნდა, რომ პოლტერგეისტი აღარ შემაწუხებდა — ის ხომ უკვე დღისითაც არ მანებებდა თავს — აქ რომ ყოფილიყო, ალბათ, რაიმეთი მანიშნებდა ამას.
დაღამდა. დასაძინებლად დავწექი. სინათლე ანთებული დავტოვე — ასე უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს.
დავდე თუ არა თავი ბალიშზე, ნათურა გადაიწვა. ოთახში წყვდიადმა დაისადგურა. გული გამალებით ამიძგერდა, მაგრამ თავი გავიმხნევე, მერე რა მოხდა, უბრალოდ ნათურა გადაიწვა, მე კი ისე ვარ დამფრთხალი, რომ ყველაფერი ავისმომასწავებელ ნიშნად მეჩვენება მეთქი.
ჩამთვლიმა. ყურში ისტერიული ხარხარი ჩამესმა. შემდეგ მესიზმრა, რომ ახალგაზრდა ქალის აჩრდილი მომიახლოვდა.
— შენ! როგორ ბედავ და ჩემი საკუთარი სახლიდან ჩემს განდევნას ლამობ?! ისე, ძალიან კი გამამხიარულე! გგონია, ასე იოლად მომიშორებ თავიდან? წვერქანქარა ბერიკაცის დუდღუნით გინდა განმდევნო? ბერიკაცის, რომელიც ფულს აფასებს იმ მრწამსზე მეტად, რომელსაც ქადაგებს? ის არაფრითაა ჩემზე წმინდა. შესაძლოა, ჩემი მეთოდები სასტიკია, მაგრამ, ეს მხოლოდ თქვენი სისასტიკის ანარეკლია. მე სარკეს ვგავარ, დიახ, სარკეს! მხოლოდ ცოტაოდენი სითბო და თანაგრძნობა მჭირდებოდა, რას ვითხოვდი ასეთს? მეეჭვება, ძნელი იყოს სითბოს გაცემა, ამით არავის არაფერი დააკლდებოდა, თუმცა, მაინც არავინ იმეტებდა. მხოლოდ დაცინვას, ზიზღს და ბოროტებას ვიღებდი. ისეთი ვარ, როგორადაც მაქციეთ. ჩემს სულში შხამი დათესეთ და ახლა უხვ მოსავალს იმკით. ჩემს ბინაში დასახლდი და შენც ჩემს საკუთრებად გიგულე. რადგან ჩემი სიყვარული არ ისურვე, ჩემს სიძულვილს გაუგებ გემოს.
დაზაფრულმა გამოვიღვიძე. ჩემმა მცდელობამ საპირისპირო შედეგი გამოიღო — თავიდან მოშორების ნაცვლად, მოჩვენება კიდევ უფრო გავაღიზიანე და ამით საფრთხე გავზარდე. ჩანდა, უხილავი ტერორისტის კლანჭებიდან ჩემი დახსნა არავის შეეძლო.
არსებობდა კი ბოროტი სული? იქნებ, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში ხდებოდა? არადა, ყოველთვის ყველა მშვიდ და გაწონასწორებულ პიროვნებად მიმიჩნევდა.
დილის ბინდბუნდში უახლოესი სასაფლაოსკენ გავემართე. მანქანა ჭიშკართან დავაყენე და გადმოვედი. ვფიქრობდი, რომ იქ ვიპოვიდი ყველაფრის პასუხს, ადგილზე, საიდანაც ეს ბოროტება დაიწყო.
გოგონას საფლავს მივაგენი. მისი სურათის ცნობა არ გამჭირვებია. საფლავი მოუვლელი იყო, ჩანდა დაკრძალვის შემდეგ არავის მოსვლოდა აზრად მისი მონახულება. გული სიბრალულით ამევსო გოგონასთან არცთუ მშვიდობიანი ურთიერთობის მიუხედავად.
საფლავი წესრიგში მოვიყვანე და დაღლილი იქვე ჩამოვჯექი.
— ნეტავ, სადაა ის დემონი, რომელმაც ეს დამანგრეველი ძალა მოგცა? — კითხვით შევაცქერდი გოგონას სურათს, საფლავის ქვიდან რომ შემომცქეროდა. არა, სასაფლაოზე გოგონასთან სასაუბროდ არ წავსულვარ — ეს სახლშიც შემეძლო. მე სწორედ იმ დემონის ხილვა მსურდა, თუმცა, არ ვიცოდი, როგორ მომეხმო, ანდა მისი მოხმობა რის ფასად დამიჯდებოდა.
— სად ხარ? სად ხარ, დემონო, ადრე ამ მიდამოებში რომ ხეტიალობდი? — დავიძახე ხმამაღლა. ვხვდებოდი, ასე დემონს ვერ მოვიხმობდი. ჩემი საქციელი უკიდურეს იდიოტობად მომეჩვენა, მაგრამ შავი მაგიით არასდროს ვყოფილვარ დაინტერესებული და წარმოდგენა არ მქონდა, ეს როგორ უნდა გამეკეთებინა. ის კი არა, სანამ ახალ ბინაში გადავიდოდი, საერთოდ არანაირი მისტიკური ამბის არ მჯეროდა. ფეხზე წამოვდექი, ღრმად ჩავისუნთქე და კიდევ უფრო ხმამაღლა ავყვირდი, იმ იმედით, რომ ასეთ დროს სასაფლაოზე არცერთი ცოცხალი ადამიანი არ იქნებოდა, — სად ხარ, უწმინდურო?! ქალების გამრყვნელო!
— აქ ვარ; თუმცა, ვერაფრით დაგეხმარები, კაცები არ მიზიდავს.
შემოვბრუნდი. ელეგანტურ, შავ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი დამცინავად მიღიმოდა. სწორედ ისეთი იყო, როგორც გოგონა აღწერდა თავის დღიურში: მაღალი, გამხდარი, მთლიანად შავი თვალებით და გრძელი, სწორი, მბზინავი შავი თმით. ალბათ, ღამით უფრო შთამბეჭდავად გამოჩნდებოდა მისი თეთრი კანის მკრთალი ნათება, ახლა კი, გარიჟრაჟზე, მზის სხივები ჩრდილავდნენ მის სუსტ სინათლეს.
— მაგისთვის არ მომიხმიხარ! — აღშფოთებისა და რისხვისგან სუნთქვა შემეკრა. ჩემი გამომეტყველების დანახვაზე გულიანად გადაიხარხარა, — არ მეგონა, ასეთი იოლი თუ იქნებოდა შენი მოხმობა… მინდოდა, რაღაც მეთხოვა შენთვის.
— რაღაც გეთხოვა? მე რა, კეთილ ფერიას ვგავარ?! ვალდებული არ ვარ, ვიღაც მოკვდავებს სურვილები შევუსრულო!
— მას ხომ შეუსრულე?! — შევძახე აღშფოთებით და ხელი გოგონას საფლავისკენ გავიშვირე.
— ჩემი გადასაწყვეტია, ვის შევუსრულებ სურვილს და ვის — არა! ვიღაც სულებზე მონადირეებში არ შეგეშალო, ყველა იდიოტს რომ უსრულებენ სურვილს, მათი უბადრუკი, ცოდვებით დამძიმებული სულების სანაცვლოდ, ისედაც რომ არ ასცდებათ ჯოჯოხეთის ცეცხლში დახრუკვა!
— ჩემთვის არაფერს ვითხოვ! პირიქით, მინდა, რომ შენი საჩუქარი დაიბრუნო — ძალა, რომელიც შენს საყვარელს მიეცი!
— საყვარელს? სამწუხაროდ, ჩვენს შორის არაფერი მომხდარა, თუმცა, ვერ ვხვდები, რატომ… ვიცი, მასაც ისევე ვუნდოდი, როგორც მე — ის. მაშ, გსურს რომ ძალა წავართვა? ყური ხომ არ მატყუებს? მგონი გასაგებად გითხარი, რომ შენთვის არავითარი სურვილის ასრულებას არ ვაპირებ. ჩემი იმედი ნუ გექნება.
— თუ შენი საყვარელი არ არის, მაშ, აქ რატომ დაძრწიხარ? — მივახალე მკვახედ. საკუთარმა სიტყვებმა გამაოცა — ნუთუ ვეჭვიანობდი?
— სულაც არ დავძრწივარ აქ; რა მესაქმება სასაფლაოზე?! მოვედი, რადგან ჩამესმა, როგორ მიხმობდა ვიღაც, საკმაოდ შორს ვიყავი ამ ადგილიდან… გოგონა მისი სიკვდილის ღამის შემდეგ აღარ მინახავს.
— ესე იგი, მოკალი და მარტოდმარტო დატოვე საკუთარ გვამთან, არა?! სრულიად მარტო, შეშინებული და დაბნეული!

FacebookTwitterGoogle+Odnoklassniki

გვერდები: 1 2 3 4 5 6 7 8

3 კომენტარი ჩანაწერზე „სიკვდილის სურნელი“

    • კაენ ამბობს:

      მეორედ ვკიტხულობ :)

    • ვამპირი ამბობს:

      მე რამდენჯერმე გადავიკითხე და ისე ძალიან აღარ მომეწონა, როგორც ადრე… მაგრამ ჩემს მიერ დაწერილ მოთხრობებს შორის ეს საუკეთესოა… იმედია მოვიცლი კიდევ დასაწერად, ამ ბლოგის ხელში თავის მოსაფხანად აღარ მცხელა როგორც იტყვიან.

    • კაენ ამბობს:

      მე კი პირიქით, უფრო და უფრო მეტად მომწონს :P

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები გამოქვეყნდება შემოწმების გავლის შემდეგ.

:ჭიქა: :ფრთა: :პერგამენტი: :ნიორი: :კუბო: :დიახ: :დაცინვა: :გული: :განაწყენებული: :არა: :ანხი: :| :skull: :p :like: :D :)

Captcha *