Geeky Blog

სიკვდილის სურნელი

2013 წლის 24 ივნისი

— მისთვის ზიანის მიყენება არ მინდოდა! თვითონ მთხოვა, ძალა მიმეცა. თავიდანვე გავაფრთხილე, რომ დაიღუპებოდა, ისიც ვუთხარი, რომ მასთან ვერ დავრჩებოდი… საერთოდ, რატომ გეუბნები ამ ყველაფერს? ვალდებული არ ვარ, ახსნა–განმარტება ჩაგაბარო! ისე, დიდი უცნაური ვინმე ხარ — მთხოვდი, მისთვის ძალა წამერთმია, ახლა კი მეჩხუბები, ცუდად რატომ მოეპყარიო… ხომ არ მოგწონს? მეეჭვება, მასთან რამე გამოგივიდეს, ძალიან სუსტია იმისთვის, რომ ჩემს მსგავსად ხორცის შესხმა შეძლოს. ვაპირებდი მისთვის ჩემი ძალის მეოთხედი დამეთმო, მაგრამ ვერ მოვახერხე — ძალის მეექვსედი გადავეცი თუ არა, უსულოდ დაეცა ძირს. იატაკზე საკუთარი გვამი რომ დაინახა, შოკში ჩავარდა, საშუალება აღარ მომეცა, რომ დაწყებული საქმე დამესრულებინა.
— მე მხოლოდ ის მინდა, რომ მისმა სულმა სიმშვიდე მოიპოვოს და ხალხის ხოცვა შეწყვიტოს! მშვიდი ცხოვრება მინდა, რას ვითხოვ ასეთს?!
— ეგ მე არ მეხება; საერთოდ არ მაინტერესებს, რა გინდა და რა — არა! მე მხოლოდ საჩუქარი გავუკეთე გოგონას, ახლა უკვე მისი საქმეა, როგორ გამოიყენებს. ის თავისით არ დაღუპულა, ამ საჩუქრისთვის დათმო სიცოცხლე, შენ კი გინდა, რომ წავართვა! გინდა, რომ მწარედ მოტყუებული დარჩეს! მე მას ვერ დავუბრუნებ სიცოცხლეს, ამ ძალის მოპოვებას რომ შესწირა! ამბობ, რომ ცუდად მოვექეცი მას, თავად კი ცდილობ, საბრალო გოგონა განსაცდელში ჩააგდო! რა ბოროტი ხარ! — დემონმა თავი გადააქნია, — შენთან ჭორაობის დრო არ მაქვს და სხვათა შორის, არც სურვილი. ასე რომ, მყუდროებას მეტჯერ ნუღარ დამირღვევ, თუ რა თქმა უნდა, არ გსურს, რომ შენი ცხედარი იპოვონ იმ ადგილას, სადაც გამომიძახებ. მშვიდობით!
— თუ გინდა, წადი! — მივაძახე ადგილს, სადაც დემონი გაუჩინარდა, — მაგრამ იცოდე, რომ მას არც შენ ეხატები გულზე! რა მოხდება, თუ ძალებს მოიკრებს? იქნებ, იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე წარმოვიდგენთ? იქნებ, კიდევ უფრო გაძლიერდეს? მაშინ სასჯელად მოევლინება ყველა სულიერს, არც შენ დაგინდობს! მანამ უნდა შეაჩეროს ვინმემ, სანამ მისი შეჩერება შეუძლებელი გახდება! ისედაც ბევრი უდანაშაულო ადამიანის სისხლი დაიღვარა… ვინმემ უნდა შეაჩეროს ეს!
გულმოსულმა მივაშურე მანქანას და სახლისკენ ავიღე გეზი. საშველი არსაიდან ჩანდა. ნუთუ განწირული ვიყავი? გზად ახალი იდეა დამებადა — სასწრაფოდ უნდა გამეყიდა სახლი, იმ იმედით, რომ მოჩვენება ბინის ახალ მეპატრონეს ამოიღებდა მიზანში და მე შემეშვებოდა.
ეს ეგოისტური, ლაჩრული და სულმდაბალი საქციელი გადარჩენის გარანტიას მაინც ვერ მომცემდა — მოჩვენებას თავისუფლად შეეძლო ამდევნებოდა. მისი სიტყვები მომაგონდა: „წვერქანქარა ბერიკაცის დუდღუნით გინდა განმდევნო? ბერიკაცის, რომელიც ფულს აფასებს იმ მრწამსზე მეტად, რომელსაც ქადაგებს?“
ეს სიტყვები მაიძულებდა მეფიქრა, რომ ის ყურს უგდებდა ჩემს საუბარს ეკლესიაში. მას ზიანის მიყენება შეეძლო ნებისმიერი ადამიანისთვის, როგორც საკუთარ სახლში, ასევე მის გარეთ. და მაინც, რადგან ჯერ–ჯერობით მისგან თავდასაღწევად საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გარდა სხვა იდეა არ მქონდა, გადავწყვიტე, რაც შეიძლება სწრაფად განმეხორციელებინა ეს ჩანაფიქრი, სანამ მოჩვენების მორიგ მსხვერპლად გადავიქცეოდი. ეს ჩემი ბოლო შანსი იყო, რომელიც ხავსის მოჭიდებას უფრო ჰგავდა, ვიდრე ხსნის გზას.
იმ უძრავი ქონების აგენტს მივმართე, ვინც ის საბედისწერო ბინა მაჩვენა და ვუთხარი, რომ ბინის გაყიდვა მსურდა.
— კი მაგრამ, ახლახანს არ შეიძინეთ? — ისე შემომხედა, თითქოს ჭკუიდან გადაცდენილი ვიყავი.
— დიახ, მეგონა ეს ფართობი საკმარისი იქნებოდა ჩემთვის, მაგრამ აზრი შევიცვალე, მივხვდი, რომ მეტი სივრცე მჭირდება… უბრალოდ დამეხმარეთ, რომ რაც შეიძლება, სწრაფად გავყიდო.
იმ სახლში გაჩერება აღარ შემეძლო. სამსახურთან ახლოს ვიქირავე ბინა. მშობლებთან და მეგობრებთან კონტაქტს ვერიდებოდი, არ მინდოდა, ისინიც საფრთხეში ჩამეყარა.
იმ ავადსახსენებელი ბინის ყიდვის მსურველი არსად ჩანდა. ბინაში, რომელიც ვიქირავე, ჯერ–ჯერობით უცნაური არაფერი ხდებოდა, არ ვიცოდი, ეს ქარიშხლის წინ დასადგურებული სიმშვიდე იყო, თუ მოჩვენება მართლაც შემეშვა. შესაძლოა, უბრალოდ ჩემი ყურადღების მოდუნებას ცდილობდა, რომ უდროო დროს დამსხმოდა თავს.
ჩემს ადგილსამყოფელს არავის ვუმხელდი, კეთროვანივით ვერიდებოდი ყველას
ასე გავატარე სამი კვირა.
სამსახურში მისული ხმას არავის ვცემდი. ზურგსუკან კოლეგების ჩურჩული მესმოდა. ყველა გაოცებით მიყურებდა. ერთ დროს ხალისიანი და უდარდელი ვიყავი, ახლა კი გულჩათხრობილი, ნერვიული და სიტყვაძუნწი გავხდი. ვერავინ ხვდებოდა, რამ შემცვალა ასე და ვერც ვერავის ვეუბნებოდი ჩემს გასაჭირს, იმის შიშით, რომ გიჟად ჩამთვლიდნენ. არც მსურდა, ვინმე ახლოს გამკარებოდა, რადგან ვთვლიდი, რომ სხვა ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოვიდგენდი.
დროდადრო უიმედოდ ვეხმიანებოდი უძრავი ქონების აგენტს, ვიცოდი, ბინის შეძენის მსურველი რომ გამოჩენილიყო, თვითონვე დამიკავშირდებოდა, თუმცა მაინც არ შემეძლო, უმოქმედოდ ვმჯდარიყავი.
— არა, არავინ დაინტერესებულა თქვენი ბინით, ხომ გითხარით, თუ ყიდვის მსურველი გამოჩნდება, შეგატყობინებთ მეთქი! — მობეზრდა აგენტს.
ჩემი ცხოვრება მოსაწყენი და ერთფეროვანი გახდა. ყოველი დღე ერთნაირი იყო — სახლი, სამსახური და არავითარი გართობა. ყოველთვის სიწყნარისკენ ვილტვოდი, მაგრამ ეს უფრო განდეგილის ცხოვრებას ჰგავდა. სახე უმეტყველო და უსიცოცხლო გამიხდა. მართალია, უცნაური აღარაფერი ხდებოდა და ცოტა დავმშვიდდი, მაგრამ შიშის გრძნობა და რაღაც ცუდის მოლოდინი მთლიანად მაინც არ მშორდებოდა.
გუშინ კაბინეტში ნატალი მესტუმრა. გამიკვირდა. რა ხანია, ხმას არ მცემდა.
— კბილი გტკივა? — ვკითხე დაეჭვებით.
— შენთან ლაპარაკი მინდა.

FacebookTwitterGoogle+Odnoklassniki

გვერდები: 1 2 3 4 5 6 7 8

3 კომენტარი ჩანაწერზე „სიკვდილის სურნელი“

    • კაენ ამბობს:

      მეორედ ვკიტხულობ :)

    • ვამპირი ამბობს:

      მე რამდენჯერმე გადავიკითხე და ისე ძალიან აღარ მომეწონა, როგორც ადრე… მაგრამ ჩემს მიერ დაწერილ მოთხრობებს შორის ეს საუკეთესოა… იმედია მოვიცლი კიდევ დასაწერად, ამ ბლოგის ხელში თავის მოსაფხანად აღარ მცხელა როგორც იტყვიან.

    • კაენ ამბობს:

      მე კი პირიქით, უფრო და უფრო მეტად მომწონს :P

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები გამოქვეყნდება შემოწმების გავლის შემდეგ.

:ჭიქა: :ფრთა: :პერგამენტი: :ნიორი: :კუბო: :დიახ: :დაცინვა: :გული: :განაწყენებული: :არა: :ანხი: :| :skull: :p :like: :D :)

Captcha *