Geeky Blog

სიკვდილის სურნელი

2013 წლის 24 ივნისი

— ახლა არ მცალია; ხომ ხედავ, პაციენტი მყავს!
— სამსახურის შემდეგ?
— ეე… კარგი, — ვერ მოვიფიქრე, ამჯერად რა მიზეზით მომეშორებინა თავიდან.
მტკიცედ გადავწყვიტე, სამსახურის შემდეგ ფეხაკრეფით გავპარულიყავი კაბინეტიდან და ნატალისთან საუბარი თავიდან ამერიდებინა.
საუბედუროდ, ეს საუცხოო გეგმა წყალში ჩამეყარა.
— საით გაგიწევია? — მკაცრი ხმით მკითხა ნატალიმ.
— სახლში მივდივარ, ძალიან გადავიღალე. ისიც კი გადამავიწყდა, რომ უნდა გვესაუბრა. მოდი, სხვა დროისთვის გადავდოთ!
— არა, დღესვე უნდა ვისაუბროთ! მეც წამოვალ!
— გვიანი არ არის? მაპატიე, მაგრამ მეძინება. როგორც კი შინ მივალ, ალბათ ტანსაცმლის გაუხდელად მივეგდები საწოლზე და დავიძინებ. სტუმრების მიღების თავი არ მაქვს.
— რატომ ცდილობ, თავიდან მომიშორო? მხოლოდ მე კი არა, ყველას თავიდან იშორებ!
— უბრალოდ, მარტო ყოფნა მინდა.
— მივდივართ, თუ არა?
— კარგი! — მისმა სიჯიუტემ გამაღიზიანა.
საავადმყოფოდან გამოვედით. მანქანის კარი გავუღე და საჭეს მივუჯექი. ღვედი საგულდაგულოდ შევიკარი — მოჩვენების თავდასხმის გამუდმებულმა მოლოდინმა ზედმეტად ფრთხილი გამხადა.
— შენს თავს არ ჰგავხარ, — ნატალიმ დაკვირვებით შემომხედა, — თვალებში შიში გიდგას.
— ბევრ ლაპარაკს, გიჯობს ღვედი შეიკრა! — შევიჭმუხნე.
— რა საჭიროა? ქუჩა თითქმის ცარიელია, თანაც ყოველთვის ნელა ატარებ მანქანას. თუ რამეა, დამცავი ბალიშებიც აქვეა. — ჩაიღიმა ნატალიმ.
მანქანა დავძარი. ნერვები დაწყვეტაზე მქონდა.
— საით? შენი სახლი მეორე მხარეს არაა?
— იქ აღარ ვცხოვრობ; სამსახურთან ახლოს ვიქირავე ბინა. ძალიან ხმაურიანი მეზობლები მყავდა და…
— აჰა, გასაგებია. როგორ მიდის საქმეები? ძალიან შეიცვალე, შენს თავს რაღაც ხდება. სწორედ ამ თემაზე მინდოდა შენთან დალაპარაკება.
— არაფერიც არ ხდება! გეჩვენება.
— ყველანი ვამჩნევთ, რომ საკუთარ თავს აღარ ჰგავხარ! ნუ დამიმალავ, მითხარი, რა გჭირს? ხომ იცი, შეგიძლია მენდო. ვინმესთვის გულის გადაშლა გჭირდება.
— ჩემს ზურგსუკან ჭორაობთ, არა?! გირჩევნიათ, პაციენტებს მიხედოთ!
— სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ, ალექს! ვგრძნობ, რომ რაღაც გაწუხებს. დახმარება გჭირდება!
— არავისი დახმარება არ მჭირდება!
— მოერიდე! — დაიკივლა ნატალიმ, მაგრამ, უკვე გვიანი იყო.
ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა — მოსახვევიდან მოცულობისთვის შეუფერებელი სისწრაფით გამოიჭრა სატვირთო ავტომობილი და ჩემს მანქანას დაეტაკა. ჩემი მანქანა საშინლად შეირყა, რამდენჯერმე გადატრიალდა და მთელი ძალით დაენარცხა მიწას. ყველა მინა დაიმსხვრა, მანქანამ ფორმა დაკარგა. ღვედი რომ არა, სიკვდილი ნამდვილად არ ამცდებოდა.
გარშემო აურაცხელი ხალხი შემოგვეხვია. მე განძრევა აღარ შემეძლო, ფეხი საშინლად მტკიოდა. მანქანიდან გადმომათრიეს, მალე სასწრაფო დახმარების მანქანა და პოლიციაც გამოჩნდა.
ნატალის გასისხლიანებული ცხედარი ძლივს ამოაძრეს ფორმადაკარგული მანქანიდან. სატვირთოს მძღოლი თავზარდაცემული შესცქეროდა სანახაობას და ერთსა და იმავე სიტყვებს იმეორებდა:
— ჩემი ბრალი არ არის! ყოველთვის ნელა ვატარებდი მანქანას! იმ ახალგაზრდა ქალის ბრალია, არ ვიცი, ვინ იყო, ან კაბინაში საიდან გაჩნდა. საჭეს დაეჯაჯგურა… მე მისი შეჩერება ვცადე… შემდეგ შეჯახება მოხდა და სადღაც გაქრა. მოძებნეთ, შორს ვერ წავიდოდა! შემიძლია ფოტორობოტის შედგენაში დაგეხმაროთ: გამხდარი იყო, შავთმიანი. შავი ღამის პერანგი ეცვა.
— ნასვამი არ არის, ალბათ, ტვინის შერყევა აქვს ან ჩვენს გასულელებას ცდილობს. — გადაუჩურჩულა ერთმა პოლიციელმა მეორეს.
გონება დავკარგე. საავადმყოფოში გამომეღვიძა. მივხვდი, რომ ის არასოდეს დამანებებს თავს. ბედს შევეგუე. ველოდები, როდის მობეზრდება ჩემი წამებით გართობა და როდის დაასრულებს დაწყებულ საქმეს. ვნანობ კიდეც, ღვედი რომ შევიკარი. შიშში ცხოვრებას, დანაშაულის გრძნობას და განუწყვეტელ საფრთხის მოლოდინს სიკვდილი ჯობდა.
ალექსმა თხრობა დაასრულა და გულსაკლავად ამოიოხრა.
ვიქტორს უნდოდა, რამე სანუგეშო ეთქვა, მაგრამ საჭირო სიტყვებს ვერ პოულობდა. სიჩუმე ჩამოვარდა.
დუმილი ჩუმმა კაკუნმა დაარღვია. პალატაში გაუბედავად შეაბიჯა ახალგაზრდა, სიმპათიურმა, შავთმიანმა მამაკაცმა. ალექსმა თავი ასწია. ახალგაზრდა მამაკაცის დანახვამ სასაფლაოზე ნანახი დემონი მოაგონა. მათ შორის ბევრი გარეგნული მსგავსება იყო: დახვეწილი ნაკვთები, მაღალი, გამხდარი ფიგურა (სულ ოდნავ დაბალი თუ იქნებოდა დემონზე), სწორი, მხრებზე დაყრილი შავი თმა და ელეგანტური, მუქი ფერის სამოსი.
თუმცა, მისი კანი სინათლეს არ გამოსცემდა და არც თვალები ჰქონდა წყვდიადზე უფრო შავი.
— ერთი ამას უყურე! — წამოიძახა ვიქტორმა — ახლა სამსახურში არ უნდა იყო?
— ნუ ღელავ, მამა. უფროსს მოველაპარაკე. როგორც კი დედამ დამირეკა და მიამბო, რაც შეგემთხვა, რაც შემეძლო სწრაფად გამოვემართე საავადმყოფოსკენ. ისე, ძალიან სულელურად მოიქეცი, მამა! ახალგაზრდა ხომ აღარ ხარ?! ცოტახანს დაგეცადა, სანამ სამსახურიდან დავბრუნდებოდი და მე გამოვცვლიდი იმ ნათურას.
— ჰმ! ჯერ არ დავჩაჩანაკებულვარ! უბრალოდ, სკამი იყო მორყეული…
— ოჰ, მამა…
— მანდ რა არის? — ვიქტორმა ინტერესით სავსე მზერა გააპარა შავი პარკისკენ, შავთმიან ახალგაზრდას რომ ეჭირა ხელში.
— რაღაც სასუსნავები მოგიტანე; ექიმმა რა თქვა? თავს როგორ გრძნობ?
— საგანგაშო არაფერი მჭირს, — ვიქტორმა უდარდელად აიქნია ჯანმრთელი ხელი, — ერთ კვირაში გამწერენ. კარგად ვარ.
— კარგი, ახლა უნდა წავიდე. ხვალ შემოგივლი. დროებით, მამა.
— დროებით.
მამაკაცმა პარკი მამის საწოლის გვერდით მდგარ ტუმბოზე დადო და პალატიდან გავიდა. კვლავ მდუმარებამ დაისადგურა.
— იმედი არ უნდა დაკარგოთ, — ჩაილაპარაკა ვიქტორმა, თითქოსდა საერთოდ არ გაეწყვიტოთ საუბარი.
— მე უკვე ვეღარავინ დამეხმარება, — დაიჩურჩულა ფერწასულმა ალექსმა, — განწირული ვარ.

მეორე დილას მზემ ჩვეულებრივ შეანათა პალატაში, სადაც კვლავაც სამი საწოლი იდგა.
პალატის კარი გაიღო და ისევ ის ახალგაზრდა, შავთმიანი მამაკაცი გამოჩნდა, ხელში კვლავ სანოვაგით სავსე პარკი ეჭირა.
— თავს როგორ გრძნობ, მამა?
— არამიშავს, — ამოიოხრა ვიქტორმა.
— საავადმყოფოსთან იმდენი ხალხი ირეოდა, რომ ძლივს შევძელი შემოსვლა. საშინელი აურზაური იყო, ვერაფერი გავარკვიე, არც მიცდია, გამეგო რა მოხდა, შენამდე მოღწევას ვცდილობდი. ასე როგორ შეიძლება?! საავადმყოფოსთან ასეთი ხმაური… ის კაცი უკვე გაწერეს, აქ რომ იწვა? ალბათ, მოწყენილი ხარ მარტო…
— არ გაუწერიათ… თავი მოიკლა. წუხელ, გვიან ღამით საავადმყოფოს შენობის სახურავიდან გადახტა.
— ღმერთო ჩემო! რა საშინელებაა!
— ნამდვილად… ძალიან შემეცოდა.
— ეს რატომ ჩაიდინა?
— არ ვიცი. ძალიან სასოწარკვეთილი ჩანდა, — ვიქტორმა მხრები აიჩეჩა, — თვალები დაწითლებული გაქვს… ცუდად გეძინა?
— ჰო, შენს გამო ძალიან ვღელავ, ნერვიულობისგან პარანოია დამეწყო. მას შემდეგ, რაც გუშინ პალატიდან გამოვედი, მეჩვენება, თითქოს ვიღაც დამყვება უკან, — ახალგაზრდა კაცმა მორცხვად ჩაიღიმა, — წუხელ უცნაური სიზმარი ვნახე, ღამის სამ საათზე გამომეღვიძა და ვერაფრით შევიბრუნე ძილი.
— მაინც, რა ნახე ასეთი?
— ასე შეშფოთებით რატომ მიყურებ, მამა? სახეზე ფერი არ გადევს. ნუ ღელავ, არ გავგიჟებულვარ, უბრალოდ ძალიან ვინერვიულე შენს გამო და გონება გადამეტვირთა. წუხელ მესიზმრა, თითქოს ვიღაც უცნობი ქალიშვილი მომიახლოვდა. ხან იცინოდა, ხან კი ტიროდა. მითხრა, რომ თავს ძალიან მარტოსულად გრძნობდა და მომეხვია. ისე მაგრად, რომ გამომეღვიძა. იმდენად რეალური შეგრძნება იყო, რომ გამოღვიძებისთანავე მიმოვიხედე, ასე მეგონა, რომ ოთახში ჩემს გარდა კიდევ იყო ვიღაც. რა თქმა უნდა, ეს ასე არ ყოფილა, თუმცა მომეჩვენა, რომ ოთახში სუნამოს მოტკბო სურნელი იდგა.

ავტორი: თ. მ.

FacebookTwitterGoogle+Odnoklassniki

გვერდები: 1 2 3 4 5 6 7 8

3 კომენტარი ჩანაწერზე „სიკვდილის სურნელი“

    • კაენ ამბობს:

      მეორედ ვკიტხულობ :)

    • ვამპირი ამბობს:

      მე რამდენჯერმე გადავიკითხე და ისე ძალიან აღარ მომეწონა, როგორც ადრე… მაგრამ ჩემს მიერ დაწერილ მოთხრობებს შორის ეს საუკეთესოა… იმედია მოვიცლი კიდევ დასაწერად, ამ ბლოგის ხელში თავის მოსაფხანად აღარ მცხელა როგორც იტყვიან.

    • კაენ ამბობს:

      მე კი პირიქით, უფრო და უფრო მეტად მომწონს :P

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები გამოქვეყნდება შემოწმების გავლის შემდეგ.

:ჭიქა: :ფრთა: :პერგამენტი: :ნიორი: :კუბო: :დიახ: :დაცინვა: :გული: :განაწყენებული: :არა: :ანხი: :| :skull: :p :like: :D :)

Captcha *