Geeky Blog

ჩუპაკაბრა

2013 წლის 26 ივლისი

სურათი
სახელი ჩუპაკაბრა მოდის სიტყვებიდან „chupar“ — წოვა და „cabra“ — თხა. ჩუპაკაბრა ეწოდება იმ ლეგენდარულ ცხოველს, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ბინადრობს. ეს ცხოველი შემჩნეული ჰყავთ პუერტო–რიკოში, მექსიკაში, შეერთებულ შტატებში, ყველაზე ხშირად კი ლათინური ამერიკის დასახლებებში. სახელი იმის გამო უწოდეს, რომ ის სისხლს წოვს ცხოველებს, განსაკუთრებით თხებს. გლეხების აღწერილობით, ჩუპაკაბრა ეს არის საშუალო ზომის ცხოველი, რომელსაც მთელ ზურგზე ხერხემლის ძვლები აქვს ამოზნექილი. ბიოლოგები ჯერჯერობით თვლიან, რომ ჩუპაკაბრა მხოლოდ მითია.

შემთხვევები

პირველი ცნობა ჩუპაკაბრას შესახებ გავრცელდა 1995 წლის მარტში. ობამების ოჯახმა დილით მათი 8 ცხვარი მკვდარი იპოვეს. სამს მკერდზე ჰქონდა ნახვრეტები და სისხლისგან იყვნენ დაცლილები. აგვისტოში, პუერტო–რიკოს ქალაქ კანოვანასში, მოქალაქე მედლინ ტორენტინომ განაცხადა, რომ ერთ–ერთი ფერმის ეზოში უცნაური არსება დაინახა, ეზოში კი 150–მდე მკვდარი ცხოველი ეყარა. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა 1975 წელს ქალაქ მოკაში და ამ არსებას ადგილობრივებმა „მოკას ვამპირი“ უწოდეს. თავიდან იფიქრეს, რომ ცხოველების დახოცვა რომელიმე სატანურ რიტუალს უკავშირდებოდა, შემდეგ ასეთი შემთხვევები გახშირდა და ბევრი ფერმერი ჩიოდა საქონლის დანაკარგის შესახებ. ყველა მსხვერპლს ნახვრეტები ჰქონდა სხეულზე და სისხლისგან იყო დაცლილი.

პუერტო–რიკოს შემდეგ იგივე ამბები დატრიალდა დომენიკის რესპუბლიკაში, არგენტინაში, ბოლივიაში, ჩილეში, კოლუმბიაში, ჰონდურასში, სალვადორში, ნიკარაგუაში, პანამაში, პერუში, ბრაზილიაში, აშშ–ში და მექსიკაში. 2004 წლის ივლისში, სან ანტონიოში, ტეხასში, რანჩოს მეპატრონემ შენიშნა, რომ ფერმაში მტაცებელი იყო შემოპარული და მოკლა. ცხოველს „ელმენდორფის ურჩხული“ უწოდეს. კალიფორნიის უნივერსიტეტმა DNM–ის ანალიზის მიხედვით ივარაუდა, რომ ეს კოიოტის უცნობი ჯიში იყო, რომელსაც მუნი სჭირდა. 2004 წლის ოქტომბერში იმავე ადგილას ორი გატყავებული ცხოველი იპოვეს. ტეხასელმა ბიოლოგებმა ნიმუშები აიღეს და დაადგინეს, რომ ესენიც იმავე ჯიშის ცხოველისგან იყვნენ დახოცილები.

2006 წლის აპრილში „MosNews“–მა განაცხადა, რომ ჩუპაკაბრა რუსეთშიც გამოჩნდა. მისი მსხვერპლის შესახებ ცნობები მოსკოვს 2005 წლის მარტიდან მიეწოდებოდა. ჩუპაკაბრას ანგარიშზე რუსეთში 32 ინდაური და 30 ცხვარი ირიცხებოდა.

2006 წელს აშშ–ში, ადგილობრივმა მოქალაქემ მანქანის მიერ გაჭყლეტილი ცხოველი იპოვა, რომელიც ძაღლს ჰგავდა, მაგრამ ის დაეჭვდა, რადგან ნაპოვნ არსებას დიდი ეშვები ჰქონდა და ლაბორატორიაში წაიღო. იქ ანალიზმა დაადგინა, რომ ის არც ძაღლი იყო და არც მგელი. ის რაღაცით ჩაუ–ჩაუს მიაგავდა და რაღაცით აკიტას.

2007 წელს მაისში, კოლუმბიაში 300 სისხლისგან დაცლილი ცხვარი იპოვეს, აგვისტოში კი ტეხასის შტატში ჩუპაკაბრას მსგავსი ცხოველი აღმოაჩინეს, რომელსაც ფოტოები გადაუღეს და ანალიზზე ლაბორატორიაში გააგზავნეს. ბიოლოგებიდან ზოგმა ნაცრისფერ მელას მიამსგავსა, ზოგმა — კოიოტს. მათ განაცხადეს, რომ ამ არსებას მუნი სჭირდა და ამიტომ ჰქონდა უცნაური გარეგნობა, თუმცა ამ არსების კბილების განლაგება და მუსკულატურა არ ემთხვეოდა კოიოტისას. კანის ანალიზიც იმავეს აჩვენებდა.

2009 წლის სექტემბერში CNN–მა ეთერში გაუშვა ვიდეო, სადაც მათი განცხადებით, მკვდარი ჩუპაკაბრა იყო აღბეჭდილი. ის ადგილობრივმა სტუდენტმა აღმოაჩინა ბეღელში. მეცნიერებმა განაცხადეს რომ ეს მუტირებული კოიოტი იყო. 18 სექტემბერს ჩუპაკაბრას სხეული მუზეუმმა იყიდა.

ბოლო ცნობები ჩუპაკაბრაზე 18 იანვარს გავრცელდა ტეხასისა და კენტუკის შტატში, თუმცა ბიოლოგმა ჯენიფერ ბაროუმ განაცხადა, რომ ეს უბრალოდ უბეწვო ენოტი იყო. იგივე განაცხადეს ლაბორატორიაშიც.

აღწერილობა

უფრო ხშირად, ჩუპაკაბრას აღწერენ, როგორც ქვეწარმავლის მსგავს არსებას, რომელსაც მომწვანო–მონაცრისფრო კანი აქვს. სიმაღლეში 1–1,2 მეტრია. მისი სიარულის და ხტუნვის მანერა მიაგავს კენგურუსას. ერთ–ერთი გადმოცემით, მას შეუძლია 6 მეტრზე ახტეს. სახე და ცხვირი ძაღლს მიუგავს, ენა ხვლიკივით გაყოფილი აქვს, გახსნილი პირიდან კი დიდი ეშვები უჩანს. როცა საფრთხეს გრძნობს, ყივილს იწყებს ან შიშინის მაგვარ ხმას გამოსცემს, მისი თვალები კი წითლდება. ვინც მის სიახლოვესაა, ამ დროს გულისრევის შეგრძნება ეწყება. მას არ აქვს ყურები და ბალანი.





მშურს ამ ხალხის ფანტაზიის :)
იპოვეთ ერთი განსხვავება :დაცინვა:
სურათი
ამ სურათს რომ ვაკეთებდი, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული სხვა აბსურდიც გამახსენდა
Mortsafe
ზემოთმოცემულ ფოტოს ხშირად თან ახლავს წარწერა, თითქოს გისოსებს აკეთებდნენ იმის შიშით, რომ ოდესმე მიცვალებული ზომბის ან ვამპირის სახით დაუბრუნდებოდათ… სინამდვილეში კი ცხადია გისოსები გვამების დაცვის მიზნით კეთდებოდა და არა მათგან ვინმეს დასაცავად, ვინაიდან მათ ხშირად თხრიდნენ ადამიანის სხეულის შესასწავლად.

საინტერესოა, რა სარგებელს იღებს ხალხი ამ სისულელეების გამოქვეყნებით?

P.S.

სანამ რამეს დაიჯერებთ, საფუძვლიანად გამოიკვლიეთ ხოლმე :D

FacebookTwitterGoogle+Odnoklassniki

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები გამოქვეყნდება შემოწმების გავლის შემდეგ.

:ჭიქა: :ფრთა: :პერგამენტი: :ნიორი: :კუბო: :დიახ: :დაცინვა: :გული: :განაწყენებული: :არა: :ანხი: :| :skull: :p :like: :D :)

Captcha *