Geeky Blog

Halloween

2013 წლის 27 ივლისი

სურათი
დღესასწაული „Halloween“ წარმოიშვა ქრისტიანობამდელ ეპოქაში, ინგლისის, ირლანდიისა და ჩრდილოეთ საფრანგეთის, (გალიის) კელტურ ტომებში. წარმართი კელტების რწმენით, სიკვდილი შობდა სიცოცხლეს, ამიტომ ახალი წლის დადგომას, საერთოდ ახალი სიცოცხლის დაბადებას, ისინი აღნიშნავდნენ შემოდგომობით, 31 ოქტომბრისა და 1 ნოემბრის მიჯნაზე, შუაღამით, როდესაც დგებოდა სიცივის, სიბნელისა და კვდომის ჟამი. ამ ღამეს ისინი განადიდებდნენ წარმართ ღმერთ Samhainს, რომელიც სიკვდილის მბრძანებლად მიაჩნდათ. ახალი წლის ზეიმის წინადღით დრუიდები (კელტი ქურუმები) ყველა ოჯახში აქრობდნენ კერას, ლამპრებსა და კოცონებს; მეორე დღის საღამოს კი აჩაღებდნენ უზარმაზარ კოცონს, ბნელეთისა და სიკვდილის ღმერთისადმი მსხვერპლშეწირვების აღსასრულებლად. დრუიდების რწმენით, თუ Samhainი კმაყოფილებით მიიღებდა საკუთარ მსახურთაგან მიღებულ შესაწირს, იგი ნებას დართავდა მიცვალებულთა სულებს, ამ დღეს მოენახულებინათ მშობლიური სახლები. აქედან იღებს სათავეს წარმართულ სამყაროში დამკვიდრებული ჩვეულება — halloween–ის ღამეს მოჩვენებების, ალქაჯების და სხვადასხვა სულების კოსტუმებში გამოწყობილი ადამიანების ხეტიალი, რაც საიქიო სამყაროსა და ზებუნებრივ ძალებთან სააქაოს ურთიერთობის სიმბოლოს წარმოადგენს. წარმართული კულტის მნიშვნელოვანი ნაწილია, აგრეთვე, Samhainის მსახური ბნელი ძალებისადმი შესაწირის მირთმევის სიმბოლიზირებული ქმედება. ითვლებოდა, რომ ბნელეთის, სიცივისა და სიკვდილის სამეფოში დამკვიდრებულთა სულები, ცოცხალთა სამყაროში სტუმრობის დღეს დაუოკებელ შიმშილს გრძნობდნენ, ამიტომ კელტი წარმართები წინასწარ ამზადებდნენ საჭმელ–სასმელს ღამის წყვდიადში მოხეტიალე სულებისთვის; მათ სწამდათ, რომ სამჰაინის რისხვა და წყევლა დაატყდებოდა თავს ხალხს, თუ ამ სულებს ძღვენს არ მიართმევდნენ. არსებობს ჰელოუინთანთან დაკავშირებული სხვა ტრადიციაც, ე.წ. ჯეკის ლამპრის გამოდგმა. ეს არის ამოსუფთავებული გოგრა, რომელზეც საზარელი სახეა ამოკვეთილი. გოგრაში (ძველად სხვა ბოსტნეულსაც იყენებდნენ) სანთელს ანთებდნენ წმინდა კოცონიდან მოტანილი ცეცხლით. გოგრაში ამოკვეთილი სახე მიცვალებულს განასახიერებდა. ამგვარი ლამპარი მთელი ღამის განმავლობაში ენთო.

FacebookTwitterGoogle+Odnoklassniki

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები გამოქვეყნდება შემოწმების გავლის შემდეგ.

:ჭიქა: :ფრთა: :პერგამენტი: :ნიორი: :კუბო: :დიახ: :დაცინვა: :გული: :განაწყენებული: :არა: :ანხი: :| :skull: :p :like: :D :)

Captcha *