Geeky Blog

Writer’s block

2015 წლის 11 ივნისი

ბლოგებზე უმეტესად პირად ცხოვრებას და აზრებს გამოჰფენენ, ხშირად უინტერესოს და გამაღიზიანებელსაც (ან შესაძლოა მე მეჩვენება ასეთად, რადგან ხშირად მეუბნებიან, რომ კრიტიკული ვარ). მე მინდოდა ნაკლები მესაუბრა ჩემს თავზე და მეტი სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ, მაგრამ ახლა რატომღაც ჩემშიც გაიღვიძა ადამიანმა, რომელსაც სურს ზოგიერთი გულისტკივილი სააშკარაოზე გამოიტანოს.
დროს მხოლოდ მაშინ ვაფასებთ, როდესაც იწურება. ამიტომ ერთხელაც გადავწყვიტე, რომ ძალიან მოსაბეზრებელი იყო ხელოვნების ახალ დარგებში ბედის ცდა და უკვე კარგად ნაცნობებზე მუშაობა (ამ ჩანაწერის გაკეთებისასაც კი ვიჭედები და საჭირო სიტყვებს ვკარგავ), ერთი სიტყვით, ამ სიტყვაზეც კი ალერგია მქონდა და ხანგრძლივი შესვენება მჭირდებოდა (ისე, შესვენება სულაც არაა ცუდი რამ. ბევრი შრომა გამოგფიტავს და როცა საქმე შეგძულდება, მეეჭვება კარგად გამოვიდეს). თუმცა, ეს შესვენება ერთადერთი არ ყოფილა, ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი შესვენებაა — შესვენება საქმისგან, შესვენება შემოქმედებისგან, შესვენება უბრალოდ ისე, შესვენებისთვის… ალერგიამ გადამიარა და გადავწყვიტე გამეგრძელებინა მუშაობა გვერდზე გადადებულ ნამუშევრებზე. ნახატი დავასრულე, მართალია ძალიან მუქ ფერებში გამომივიდა და გაღიავებას საჭიროებს, მაგრამ მაინც. არც ისაა დიდი პრობლემა, რომ ჩარჩო არ აქვს, რადგან ოდესმე ალბათ თიხისგან გავუკეთებ. ჰო, ოდესმე: რადგან ზარმაცი ვარ, შესვენებაზე გადარეული და საშინლად ვცოფდები, როდესაც ვინმე ან რამე სიმყუდროვეს მირღვევს. ნამუშევრებსაც შეუძლიათ დაგირღვიონ სიმყუდროვე. აი, მაგალითად თიხას — რომელიც ჯერ ახალია ჩემთვის, ყოველი მხრიდან სჭირდება დახვეწა და ბოლოს ტყდება, მას შემდეგ, რაც მთელ სულს და გულს ჩადებ… თუმცა შემოქმედებას ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს — მაგალითად ის, რომ შენი დადებითი მხარე ხდება, აღმოაჩენ, რომ რაღაც გამოგდის, ქმნი რაღაც ახალს, სწორედ ისეთს, როგორიც გსურს და არა ისეთს, სხვა რომ აკეთებს, შეხედავ და ფიქრობ, რომ არ ვარგა ან გერჩივნა სხვანაირი ყოფილიყო…
ბოლო დროს ადრე ვიძინებ და ადრე ვდგები. არადა ოდესღაც ღამისთევა მიყვარდა. უბრალოდ მიყვარდა ღამის იდუმალი სიჩუმე, რომელიც ახლა მხოლოდ ძილს მგვრის. გაღვიძებიდან დაძინებამდე მხოლოდ ძილზე ვფიქრობ ან განტვირთვის საშუალებებზე. ან კიდევ იმაზე, როგორ მინდა ჩემი რომანის გაგრძელება, მაგრამ ყოველი მცდელობა იმით სრულდება, რომ კალამჩაბღუჯული და აზრებგაფანტული დავცქერი სუფთა ფურცელს და წარმოდგენა არ მაქვს, რა დავწერო (რა შორიდან მოვუარე სათქმელს, არა? საინტერესოა, ეყოფა თუ არა ვინმეს ნერვები მთელი ჩანაწერის წასაკითხად? ბოლოდროს კითხვისმოძულე ხალხი მომრავლდა, თუ „პატივი დაგდეს“ და რაღაც წაიკითხეს, კომენტარის გაკეთების ღირსად მაინც არ ჩაგთვლიან, რომ გამოხატონ აზრი რა მოსწონთ და რა არა, თუმცა ზოგს შენიშვნის შეურაცხყოფისგან გარჩევა უჭირს. თემას გადავუხვიე). როდესაც ისეთ მარტივ მონაკვეთზე იჭედები, როგორიც პერსონაჟის აღწერაა, ისეთზე, ადრე რომ არასდროს შეგქმნია პრობლემა, თავს კატის თათებში მოქცეული, განწირული თაგვივით გრძნობ, ფიქრობ რა გიშლის ხელს და ვის ან რას შეუძლია გონება გაგინათოს — ფურცლებთან მეტი დროის გატარებას? შედეგად მხოლოდ დაკარგულ დროს, ჯიუტად მელნით სავსე კალამს და დაუნდობლა სუფთა ფურცელს იღებ. შემდეგ წყალწაღებულივით ეჭიდები ცხელ ყავას და შოკოლადს, იმედი გაქვს, რომ გონებას გაგინათებს, თუმცა იცი რომ უკვე უთვალავჯერ დალიე და ფურცელი კვლავაც ცარიელია… შემდეგ ყავას უნაცვლებ ჩაის (გახსენდება, რომ შენი სეხნიაა და თავს უცნაურად გრძნობ) და სხვა სასმელს თუ სასუსნავს.
ხან გინდა ვიღაც დაგეხმაროს, ბიძგი, პატარა იდეა მოგცეს მაგრამ მათ ისევე არ აქვთ შენთვის დრო, როგორც შენ მათთვის…
და ხვდები, რომ უნაყოფო ხეს ემსგავსები, რომელიც არსებობას განაგრძობს ისე, უბრალოდ არსებობისთვის.
ხვდები რომ შენი ნამუშევრები დაბადების შანსს კარგავენ, ალბათ ასეთი გრძნობა ფეხმძიმე ქალს თუ გაუჩნდება, რომელსაც ბავშვის დაკარგვა ემუქრება…
აი ახლაც, თვლემამორეულმა მივაკითხე ჩემს თითქმის მიტოვებულ ბლოგს, ვწერ და ვფიქრობ, იქნებ ამის დაწერის ნაცვლად ისევ ფურცლებთან მეცადა ბედი, ისე უშედეგოდ და შეუპოვრად, როგორც გულახალგაზრდა პენსიონრები ცდილობენ სიყვარულის პოვნას? ჰო, შესაძლოა მთლად ასეთი უიმედო მდგომარეობაც არ მაქვს და შევძლო დაწყებული საქმის დასრულება, რადგან ბევრჯერ გადამილახია დაბრკოლება, რომელიც გადაულახავად მეჩვენებოდა. ხანდახან არ უნდა დანებდე… ხანდახან უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის და თუ შენი შესაძლებლობების დაჯერებას ვერ ახერხებ, მათ გაზრდას უნდა შეეცადო…
გამოცდილებამ მასწავლა, რომ არავისი იმედი არ უნდა გქონდეს. მით უმეტეს ნამუშევრის შექმნაში, რომელიც მთლიანად შენ უნდა გეკუთვნოდეს…

FacebookTwitterGoogle+Odnoklassniki

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები გამოქვეყნდება შემოწმების გავლის შემდეგ.

:ჭიქა: :ფრთა: :პერგამენტი: :ნიორი: :კუბო: :დიახ: :დაცინვა: :გული: :განაწყენებული: :არა: :ანხი: :| :skull: :p :like: :D :)

Captcha *